დავით ნარმანიამ გერმანელ ჟურნალისტებს უმასპინძლა

04/05/2016

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ვიცე-მერთან, ლაშა აბაშიძესთან და მოადგილეებთან, ირაკლი ლექვინაძესთან და ნინა ხატისკაცთან ერთად, გერმანელ ჟურნალისტებს უმასპინძლა. დედაქალაქის მერიაში გამართულ შეხვედრაზე დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს სიტყვით მიმართა და დედაქალაქის მთავრობის საქმიანობის, ქალაქში მიმდინარე პროექტებისა და მოქმედი პროგრამების შესახებ მოკლე ინფორმაცია მიაწოდა, რის შემდეგაც შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
გერმანელი ჟურნალისტების შეკითხვები, ძირითადად, ქალაქში მიმდინარე პროცესებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმას შეეხებოდა. ასევე, დაინტერესდნენ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტითა და შემოსავლებით, ქალაქის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებით, არსებული გამოწვევებით და მათი გადაჭრის გზებით.
თბილისის მერმა, თავის მხრივ, ჟურნალისტებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ბოლო წლებში მიმდინარე ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის შესახებ და ესაუბრა დედაქალაქის ახალ, პროგრამულ ბიუჯეტზე, ასევე, ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების მაჩვენებელზე.
დავით ნარმანიამ გერმანელ ჟურნალისტებს ინფორმაცია მიაწოდა პროექტ „ახალ ტფილისთან“ დაკავშირებითაც და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შენარჩუნების კუთხით დედაქალაქის მთავრობის პროექტები წარუდგინა.
გერმანელ ჟურნალისტთა ჯგუფი საქართველოს საინფორმაციო ტურის ფარგლებში სტუმრობს. პრესტურის განმავლობაში სტუმრები შეხვედრებს მართავენ საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ასევე, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0