სერგო რატიანის განცხადებით, არჩევნების თარიღთან დაკავშირებული გაურკვევლობით გამოჩნდა, რომ ”ქართული ოცნების” ხელისუფლება ელემენტარული საკითხის გადაწყვეტაშიც უუნაროა. ამის შესახებ რატიანმა ჟურნალისტებს, არჩევნების თარიღთან დაკავშირებით, პრეზიდენტსა და პრემიერს შორის კონსულტაციების გამართვის აუცილებლობასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე კომენტირებისას განუცხადა.
”სრულიად გაუგებარი, აბსურდული და ძალიან მძიმე სანახავია, როდესაც ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის ორმა პირმა ვერ გადაწყვიტა ელემენტარული საკითხი. ამითაც ვხედავთ, რომ ფაქტობრივად მთელი ”ქართული ოცნების” ხელისუფლება, მათ შორის პრეზიდენტიც, რომელიც მათი მხრიდან იყო წარდგენილი, სრულიად უუნაროა ელემენტარული საკითხების გადაწყვეტაში”, – განაცხადა რატიანმა.
როგორც ცნობილია, პოლიტიკური პარტიებიც და არასამთავრობო სექტორიც პრეზიდენტს არჩევნებთან დაკავშირებული ახალი განკარგულების გამოცემამდე მთავრობასთან კონსულტაციების ხელახლა გავლას ურჩევს.
შეგახსენებთ იმასაც, რომ პრეზიდენტს არჩევნების შესახებ ახალი სამართლებრივი აქტის გამოცემა მაისის დასაწყისში აქვს დაანონსებული, მაშინ როცა პრემიერმა მას თხოვნით მიმართა, ახალი განკარგულება ივლისში გამოსცეს.
პრეზიდენტის მიერ არჩევნებთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტის მაისში გამოცემის შემთხვევაში ქვეყანა საარჩევნო რეჟიმში არჩევნებამდე 5 თვით ადრე – სწორედ მაისიდან გადავა, თუმცა როგორც მთავრობაში აცხადებენ, ეს რამდენიმემილიონი ლარით მეტ დანახარჯს გამოიწვევს, რისი ფუფუნებაც ბიუჯეტს არ აქვს.