ამ პარლამენტს აქვს შესაძლობლობა საკუთარი კვალი და ადგილი ისტორიაში დატოვოს

28/04/2016

ამ პარლამენტს აქვს მარტივი შესაძლებლობა, თავისი დემოკრატიული და პრიციპული გადაწყვეტილებით, ისტორიაში დატოვოს საკუთარი კვალი და ადგილი, – ამის შესახებ დეპუტატმა გიორგი ვაშაძემ პარლამენტში საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანებების მიერ შემუშავებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, არსებობს საქართველოს 200 000 ხელმოწერა იმ ადამიანების, რომლებიც ფიქრობენ, რომ საქართველოში საარჩევნო სისტემა არ გამოხატავს მათ ინტერესებს პარლამენტში. ”ეს ადამიანები ფიქრობენ, რომ უნდა შეიცვალოს პარლამენტის დაკომპლექტების წესი იქიდან გამომდინარე, რომ მათი ხმა უკეთესად იყოს წარმოდგენილი საკანონმდებლო ორგანოში.
ჩვენი მოწვევის პარლამენტის დრო მიდის ბოლოსკენ. ჩვენ ვამთავრებთ მოღვაწეობას ამ მოწვევის პარლამენტში და გვაქვს მარტივი შესაძლებლობა, რომ ამ პარლამენტმა თავისი დემოკრატიული და პრინციპული გადაწყვეტილებით ისტორიაში დატოვოს საკუთარი კვალი და ადგილი; გაითვალისწინოს მოქალაქეების აზრი და რეალურად, ფუნდამენტურად შეცვალოს საარჩევნო სისტემა; რეალურად თქვას, რომ დიახ, აღარ მოირგებს არც ერთი პოლიტიკური ძალა საკუთარ თავზე საარჩევნო სისტემას, არამედ საქართველოში იქნება საარჩევნო სისტემა, რომელიც დაიცავს თითოეული ამომრჩევლის ინტერესს”, – განაცხადა გიორგი ვაშეძემ.
მისივე თქმით, ასეთი გადაწყვეტილების შემთხვევაში ამ მოწვევის დეპუტატებს შეეძლებათ იამაყონ და ხმამაღლა თქვან, რომ მიუხედავად პრობლემებისა, მწვავე დისკუსიებისა და კამათისა, ამ პარლამენტმა თავისი ხმამაღალი სიტყვა თქვა საქართველოს პარლამენტარიზმის და დემოკრატიის განვითარების ისტორიაში.

”თუ ამ ცვლილებებს არ დავუჭერთ მხარს, ეს ნიშნავს, რომ ამ მოწვევის პარლამენტმა გამოწვევებს ვერ უპასუხა და ისე დაასრულა საქმიანობა, რომ არც ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს საქართველოში პარლამენტარიზმის, დემოკრატიის და პოლიტიკური პლურალიზმის განვითარების კუთხით”, – აღნიშნა ვაშაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0