დიდი ხუთშაბათი

28/04/2016

დიდ ხუთშაბათს ქრისტემ უკანასკნელი სერობა გაუმართა 12 მოციქულს. ამ მოვლენის სახარებისეული ინტერპრეტაციით: „მოძღვარმა ჯერ მათ სათითაოდ დაბანა ფეხი, შემდეგ თქვა: ერთი თქვენგანი გამცემსო. ყველა შეძრწუნდა და იკითხა: „ნუთუ მე ვარო“. „სწორედ შენ“, უთხრა ქრისტემ იუდას და ჩასჩურჩულა: „რომელ გეგულვების საქმედ, ჰყავ ადრე“. იუდა ადგა, მღვდელმთავრებთან გაეშურა, ქრისტემ კი პური გაუტეხა მოციქულებს, მიაწოდა და უთხრა: „ესე არს ხორცი ჩემი თქვენთვის გატეხილი“, შემდეგ ღვინო დაუსხა: „ესე არს სისხლი ჩემი, თქვენთვის და მრავალთათვის დანთხეული“.
„მოციქულნი ყოველნი იყვნენ განცვიფრებულ, ოდეს მაცხოვარმან იწყო ხელითა თვისითა ბანვა ფერხთა მათთა… მართლა ერთობ საკვირველი იყო ხილვა ამ მოქმედებისა. რისთვის ჰქმნა ეს უფალმან? რისთვის დაიმდაბლა ეგოდენ მან თავი თვისი? პირველად მისთვის, რამეთუ შეიყვარნა თვისნი იგი ამა სოფელსა შინა და სრულიად შეიყვარნა იგინი (იოან. იგ, ა), ვითარცა იტყვის იოანე მახარებელი, აღმწერელი ამ შემთხვევისა. ამით მან გამოაჩინა განუზომელი თვისი სიყვარული მოწაფეთადმი და თვით საქმით მოგვცა ჩვენ მაგალითი სიმდაბლისა და თავის უარის ყოფისა. არა საკმაოდ შერაცხა მან სიტყვითა მხოლოდ სწავლა ჩვენი, არამედ მანვე პირველად აღასრულა. რასაც ასწავლიდა, სახე მიგეც თქვენ, რათა ვითარცა ესე გიყავ თქვენ, ეგრეთვე თქვენცა ჰყოფდეთ (იოან. იგ, იე), თვით უფალმან აღუხსნა მოწაფეთა თვისთა. ამიერითგან მოწაფეთა მისთა სრულიად უნდა გამოსცვალონ სახე თვისისა ყოფაქცევისა; ამიერითგან ყოველი მათი მოქმედება უნდა დაეფუძნოს სიყვარულსა და სიმდაბლესა ზედა; ამიერითგან უდიდესი მათ შორის უნდა იყოს მსახურ ყოველთა, და წინამძღვარი, ვითარცა მონა; ამიერითგან ჩვენ უნდა დავსტოვოთ, დავივიწყოთ, ყოველი ამპარტავნება, თავის მოყვარება; ამიერითგან ჩვენ ვართ ერთი მეორის ძმანი, მსახურნი… ესე თუ ჰსცანთ, ნეტარ ხართ, უკეთუ ჰყოფდეთ ამას.“.
ამ დღეს აზიარა იესო მაცხოვარმა მოციქულნი თავის ხორცსა და სისხლს.
დიდი ხუთშაბათის მსახურებაზე იესო ქრისტეს მიერ მოწაფეთათვის ფეხთა დაბანას, საიდუმლო სერობას, გეთსიმანიის ბაღში იესო ქრისტეს ლოცვას და იუდას მიერ მის გაცემას ვიხსენებთ. აღესრულება ბასილი დიდის წირვა, რომელიც სერობას იმის სამახსოვროდ უერთდება, რომ უფალმა ზიარების საიდუმლო სწორედ ამ დღეს, სერობის ჟამს, დაადგინა. სერობაზე “რომელნი ქერუბიმთას” ნაცვლად იგალობება “სერობასა საიდუმლოსა შენისასა დღეს, ძეო ღვთისაო, ზიარებად შემიწყნარე”. სერობაზე მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრები ფეხთბანის რიტუალს ატარებენ: როგორც მაცხოვარმა დაბანა ფეხები სერობის დაწყებამდე თავის თორმეტ მოწაფეს, ასევე ბანს ფეხებს მღვდელმთავარი თორმეტ მღვდელმსახურს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0