მუნიციპალიტეტის ყველა სოფელს მოუგვარდება სასმელი წყლის მიწოდების პრობლემა

26/04/2016

26 აპრილს თიანეთის მუნიციპალიტეტში 4 არტეზიული ჭა, წყლის ორი სათავე ნაგებობა და შესაბამისი წყალსადენის ქსელი ოფიციალურად შევიდა ექსპლოატაციაში.
სოფ. მელიასხევის-ცალუღელაანთკარის, ღულელების, თოლენჯისა და ქვემო კვერნაულას არტეზიული ჭებისა და სოფლებში წყალგაყვანილობის სისტემის მოწყობის სამუშაოები
შპს “თერგმა“ , 2015 წლის ივლისში დაიწყო და 2016 წლის მარტში დასრულდა. შედეგად, ხუთი სოფლის მოსახლეობა შეძლებს ხარისხიანი სასმელი წყლით სარგებლობას.
სოფ. ტუშურებსა და სოფ. ალოტში წყალსადენის სათავე ნაგებობისა და შიდა ქსელის ნაწილობრივი რეაბილიტაცია შპს“ დათო და კომპანიამ“ გასულ წელს განახორციელა. სარეაბილიტაციო სამუშაოები 2015 წლის ივლისში დაიწყო და ნოემბერში დასრულდა.
ყველა არტეზიულ ჭასთან და წყალსადენის სათავე ნაგებობასთან მოწყობილია საქლორატორო შენობა. პერიოდულად, წესების შესაბამისად მოხდება წყლის დაქლორვა, რათა მოსახლეობამ ხარისხიანი სასმელი წყლით ისარგებლოს.
დასრულებული პროექტები ადგილზე დაათვალიერეს თიანეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის პირველმა მოადგილემ კობა არაბულმა, თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ლელა ქიტესაშვილმა და პირველმა მოადგილემ მამული მამულაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარე მინდია შეთეკაურმა.
ზემოთ აღნიშნული პროექტები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა და უაღრესად მნიშვნელოვანია თიანეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის, რადგან იყო სოფლები, სადაც წყალსადენის სათავე ნაგებობა, რეზერვუარი და წყალგაყვანილობის სისტემა არ არსებობდა და მოსახლეობა მხოლოდ ეზოში არსებული ჭის წყლით სარგებლობდა.
თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის განცხადებით, სასმელი წყლის მიწოდების პრობლემა მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტის ყველა სოფელს მოუგვარდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0