მაპი უკვე საქართველოს წარსულია

26/04/2016

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ბერლინში რიგით მე-5 ქართულ-გერმანულ სტრატეგიულ ფორუმს საპატიო სტუმრის სტატუსით ესწრება. ფორუმი კონრად ადენაუერის ფონდის გენერალურმა მდივანმა მიხაელ თილენმა გახსნა. მთავარ მომხსენებლებად პანელზე „ნატოს ვარშავის სამიტის წინ: საქართველოს ევრო-ატლანტიკური გზა გეოპოლიტიკური კონკურენციის ფონზე“ თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი და გერმანიის თავდაცვის მინისტრის მოადგილე რალფ ბრაუკსიპე წარსდგნენ.
საქართველის თავდაცვის მინისტრმა დამსწრეებს შეახსენა, რომ საქართველომ ნატოსკენ მიმავალ გზაზე ყველაფერი გააკეთა. მისი განცხადებით, საქართველო მაქსიმალურად იყენებს ნატოსთან არსებულ ყველა მექანიზმს, რომელიც ხელს უწყობს ალიანსთან თავსებადობის გაზრდას და ნატოს წევრობისთვის მოსამზადებელ პროცესს.

„მაპი საქართველოს დღის წესრიგი არაა, მაპი უკვე საქართველოს წარსულია,“ – აღნიშნა თინათინ ხიდაშელმა სიტყვით გამოსვლისას.

გერმანიის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, გერმანიის მთავრობის სახელით, საქართველოს აქტიურ მხარდაჭერას დაჰპირდა.

„გამოვიჩინოთ სტრატეგიული მოთმინება და ერთობლივი ძალისხმევა ნატოსკენ მიმავალ გზაზე”, – განაცხადა რალფ ბრაუკსიპემ.

თინათინ ხიდაშელმა სიტყვით გამოსვლისას რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებსა და რუსეთის ქმედებებზე ისაუბრა და საერთაშორისო საზოგადოებას მეტი სიმტკიცისკენ მოუწოდა. მინისტრმა საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში საქართველოს როლზეც გაამახვილა ყურადღება.
ქართულ-გერმანულ სტრატეგიული ფორუმი, რომელიც ბერლინში 26-27 აპრილს ტარდება, მაღალი რანგის მთავრობის წარმომადგენლებს, პარლამენტის წევრებსა და ექსპერტებს შორის ღია და კრიტიკული ორმხრივი დიალოგის საშუალებას იძლევა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0