ბრიტანული სასამართლოს გადაწყვეტილება, დავით კეზერაშვილის ექსტრადირებასთან დაკავშირებით, პროკურატურამ არ გაასაჩივრა

25/04/2016

ადვოკატის ინფორმაციით, ბრიტანული სასამართლოს გადაწყვეტილება, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის ექსტრადირებასთან დაკავშირებით, საქართველოს პროკურატურამ არ გაასაჩივრა.

როგორც ადვოკატმა შოთა მინდელმა prof-news-ს განუცხადა, პროკურატურამ გასაჩივრების ვადა ხელიდან გაუშვა და, შესაბამისად, ბრიტანული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, საქართველოს პროკურატურას დავით კეზერაშვილის ექსტრადირებაზე უარი ეთქვა, ძალაში შევიდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება შოთა მინდელმა დღეს სასამართლოში მტკიცებულებად წარადგინა და მოსამართლე ნინო ელიაშვილს შუამდგომლობით მიმართა, რათა ბრალდების საქმეზე, რომელიც დავით კეზერაშვილის მიერ სახელმწიფო სახსრების გაფლანგვას ეხება, მტკიცებულებად დაერთოს. მოსამართლემ ადვოკატის აღნიშნული შუამდგომლობა დააკამყოფილა და ბრიტანეთის სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეს მტკიცებულებად დაურთო.

დღეს ასევე სასამართლომ კეზერაშვილის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე იმსჯელა და ის პატიმრობაში დატოვა. კანონმდებლობის თანახმად, აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო ორ თვეში ერთხელ მსჯელობს, ხოლო აღნიშნული ვადა სწორედ დღეს იწურებოდა. დღევანდელ პროცესზე ასევე დავით კეზერაშვილის და ალექსანდრე ნინუას ბრალდების საქმეზე ერთი მოწმე დაიკითხა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0