ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე არ გამორიცხავს, რომ ”ქართული ოცნების” საარჩევნო სიაში მოხვდეს. როგორც კალაძემ ჟურნალისტებს დღეს, კასპში განუცხადა, საარჩევნო სიაზე მუშაობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს და ”ამაზე მსჯელობა აუცილებლად იქნება”.
ამასთან, კალაძე არც იმას გამორიცხავს, რომ მის გარდა სიაში სხვა მინისტრებიც იყვნენ.
რაც შეეხება ”ქართული ოცნების” ყრილობასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას, ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, მას კოალიციის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი სტუმრის სტატუსით დაესწრება.
”ყრილობაზე მოხდება პარტიის თავმჯდომარის არჩევა, ასევე პოლიტსაბჭოს წევრების დასახელება. იქნება ანგარიში, თუ რა გააკეთა პარტიამ 4 წლის განმავლობაში. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის მოწვევას, რა თქმა უნდა, ის სტუმრის სტატუსით იქნება მოწვეული, ისევე როგორც სხვა მრავალი ადამიანი”, – აღნიშნა კალაძემ.