ნივთიერი მტკიცებულების სახით ამოღებულ სატრანპორტო საშუალებასთან დაკავშირებული რეგულაციები, შესაძლოა შეიცვალოს

21/04/2016

სისხლის სამართლის საქმეზე, ნივთიერი მტკიცებულების სახით ამოღებულ ავტოსატრანპორტო საშუალებასთან დაკავშირებული სამართლებრივი რეგულაციები, შესაძლოა შეიცვალოს.
ამ მიმართულებით ცვლილებების განხორციელება “სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ იგეგმება, რომელიც პარლამენტს დეპუტატებმა პაატა კიკნაველიძემ და ომარ ნიშნიაძემ შესთავაზეს.
დღეს მოქმედი საპროცესო კოდექსით, გამოძიების სტადიაზე, ნივთიერი მტკიცებულების სახით ამოღებული სატრანსპორტო საშუალების ბედი შემდეგნაირად წყდება: როცა სატრანპორტო საშუალების მესაკუთრე ან კანონიერი მფლობელი ცნობილია, მას შესაბამისი შეტყობინება ბარდება და სატრანპორტო საშუალების დაბრუნებისთვის 90 დღის ვადა ეძლევა. იმ შემთხვევაში, თუ მესაკუთრემ ან სხვა კანონიერმა მფლობელმა სატრანპორტო საშუალება დადგენილ ვადაში არ ჩაიბარა, თუ მისი ვინაობა უცნობია, არ არსებობს სატრანსპორტო საშუალების კანონიერი წარმომავლობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან მისი დაბრუნება შეუძლებელია სხვა მიზეზით, პროკურორი შუამდგომლობით მიმართავს მაგისტრატ მოსამართლეს, ნივთიერი მტკიცებულების სახით ამოღებული სატრანპორტო საშუალების სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის შესახებ, იმის მიუხედავად, სატრანსპორტო საშუალების შემძენი კეთილსინდისიერია, თუ – არა.

“მართალია, თუ მაგისტრატი მოსამართლე შუამდგომლობის განხილვისას შემძენის კეთილსინდისიერებას დაადგენს, სასტრანპორტო საშუალებას სახელმწიფო საკუთრებაში არ მიაქცევს და კეთილსინდისიერ შემძენს დაუბრუნებს, მაგრამ პროკურორის დავალდებულება, რომ ყველა შემთხვევაში, მათ შორის მაშინაც, როცა აშკარაა შემძენის კეთილსინდისიერება, საკუთარი შინაგანი რწმენისა და საქმის მასალების საწინააღმდეგოდ სატრანპორტო საშუალების სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევა მოითხოვოს, არასწორია“, – აღნიშნულია პროექტის განმარტებით ბარათში.

პარლამენტისთვის შეთავაზებული ცვლილებით კი, თუ მესაკუთრემ/კანონიერმა მფლობელმა დადგენილ ვადაში სატრანსპორტო საშუალება არ დაიბრუნა და იმავდროულად, საქმის მასალებით შემძენის არაკეთილსინდისიერება არ დასტურდება, სატრანპორტო საშუალება კეთილსინდისიერ შემძენს, პროცესის მწარმოებელი ორგანოს დადგენილებით დაუბრუნდება. პროკურორი მხოლოდ იმ შემთხვევაში მოითხოვს სატრანპორტო საშუალების სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევას, თუ მიიჩნევს, რომ შემძენი არაკეთილსინდისიერია. ასეთ შემთხვევაშიც სასამართლო უფლებამოსილი იქნება შემძენს დაუბრუნოს სატრანსპორტო საშუალება, თუ პროკურორი შემძენის არაკეთილსიდისიერებას ვერ დაამტკიცებს.
პროექტის თანახმად, თუ ამოღებიდან 180 დღის ვადაში, ვერ დადგინდა სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე ან კანონიერი მფლობელი ან ვერ მოხერხდა მისთვის შესაბამისი შეტყობინების ჩაბარება, სატრანსპორტო საშუალების, როგორც ნივთიერი მტკიცებულების ბედი გადაწყდება საერთო წესით, მისი კეთილსინისიერი შეძენისათვის დაბრუნების ან სახელწიფო საკუთრებაში მიქცევის გზით. ამავე დროს, მესაკუთრეს/კანონიერ მფლობელს უნარჩუნდება უფლება, იდავოს სატრანსპორტო საშუალების კუთვნილების თაობაზე, სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0