ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა გუდაურის განვითარების გეგმის პრეზენტაცია მოისმინა. მასშტაბური პროექტი მსოფლიოში წამყვანმა სამთო-სათხილამურო კურორტების დამგეგმავმა კანადურმა კომპანიამ „ეკოსაინმა“ მოამზადა.
პროექტზე მუშაობა განხორციელდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიასა“ და ეკოსაინს შორის 2015 წლის ოქტომბერში გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში. დოკუმენტი შემუშავდა კანადელი ექსპერტების მიერ კურორტზე განხორციელებული პროფესიონალური შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე.
ვიცე-პრემიერ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, განვითარების გეგმის შესაბამისად, გასამმაგდება სასრიალო ტრასების სიგრძე და 16,000-მდე გაიზრდება საწოლი ადგილების რაოდენობა. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ყოველივე ეს გუდაურის კურორტის საინვესტიციო მიმზიდველობას გაზრდის, ასევე შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს და სამომავლოდ გუდაურს საერთაშორისო დონის სამთო კურორტად აქცევს.
გუდაურის განვითარების გეგმა ფუნდამენტური დოკუმენტია კურორტის სწორი დაგეგმარებისა და განვითარების კუთხით. მასტერპლანი გამოავლენს, თუ რა კუთხით უნდა გაგრძელდეს კურორტის განვითარება, ასევე მოიცავს განვითარების ისეთ უმნიშვნელოვანეს კომპონენტებს როგორიცაა საბაგიროების განლაგება და მშენებლობა, სათხილამურო გზების მომზადება, საჭირო აღჭურვილობის ეფექტური რაოდენობის განსაზღვრა, ხელოვნური გათოვლიანების სისტემის მოწყობა, ავტოსადგომის, გასართობი და კვების ობიექტების ეფექტური განლაგება, სარეკრეაციო ობიექტების და აქტივობების შექმნა, მოთხილამურეთა ოპტიმალური პოზიციონირება, სანიაღვრე გეგმა და სხვა.
დოკუმენტი მოიცავს გუდაურის, როგორც ოთხსეზონური კურორტის, განვითარების კონცეფციას. ამ მიზნით, დაპროექტდა კურორტის განვითარების ხედვასთან თავსებადი ზამთრის და ზაფხულის ობიექტები და აქტივობები და განისაზღვრა ოპტიმალური ადგილმდებარეობები.
უმნიშვნელოვანესია კურორტის ჩრდილოეთ გაფართოების (კობის) ზონის შესწავლა, დაპროექტება და განვითარების კონცეფციის შემუშავება, რაც ხელს შეუწყობს ახალი საკურორტო ზონის შექმნას საჭირო ინფრასტრუქტურით.
მასტერპლანის შექმნა მნიშვნელოვანია ტურისტული ინფრასტრუქტურის ეფექტური და ოპტიმალური განვითარებისთვის, რაც ხელს შეუწყობს როგორც კურორტის, ასევე რეგიონის განვითარებას და პოპულარიზაციას.
ვიცე-პრემიერი გუდაურის განვითარების გეგმის პრეზენტაციას გაეცნო
21/04/2016