ის, რომ ბიძინა ივანიშვილი ჩართული იყოს პარტია „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიაში, ამაში სენსაციური არაფერია, -განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ. როგორც მან აღნიშნა “მან არ იცის ჩაერევა თუ არა ბიძინა ივანიშვილი საარჩევნო კამპანიაში”.
„მე არ ვიცი ბატონი ბიძინა ჩაერევა თუ არა, თუმცა თუ ის გუნდს დაეხმარება. თქვენ იცით, რომ პარტია „ქართული ოცნება“ ამ ადამიანის მიერ არის დაფუძნებული, ის რომ ჩართული იყოს საარჩევნო კამპანიაში ამაში სენსაციური არაფერი არ არის. პირიქით, მე ვფიქრობ მისასალმებელია. ხელს შეუწყობს „ქართული ოცნების“ კამპანიის ჩატარებას. რა ფორმით, როგორ, ჩაერთვება თუ არა, ამაზე ვიმსჯელებთ“, – განაცხადა კალაძემ.
რაც შეეხება პარტია „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიებს, კახა კალაძემ აღნიშნა, რომ მასზე მუშაობა დასრულებული არ არის.
„ძალიან ბევრჯერ ვისაუბრეთ ჩვენ ამაზე და ერთი და იმავეს გამეორება ყოველდღე მიწევს. ამიტომ დაველოდოთ როდესაც იქნება დასრულებული მუშაობა და გადაწყვეტილება მიღებული. ეს ცნობილი გახდება ყველასთვის. დასამალი არაფერია“, – განაცხადა კალაძემ.