საჩხერეში სოციალური კაფე „ნაბიჯი“ გაიხსა. ლენტი, საზეიმო ვითარებაში იმერეთის მხარის გუბერნატორის მოადგილემ პაატა ნადირაძემ, საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებელმა და საქართველოს ყრუთა კავშირის საჩხერის ფილიალის ხელმძღვანელმა გაჭრა.
კაფეში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები არიან დასაქმებულები.
კაფე „ნაბიჯი“ -ში საკონდიტრო ნაწარმი გაიყიდება და ის საქართველოს ყრუთა კავშირის საჩხერის ფილიალმა, შემოწირულობებით გახსნა.
კაფე „ნაბიჯი“-ს გახსნის ცერემონიალს ესწრებოდნენ საქართველოს ყრუთა კავშირის წევრი ბავშვები, არასამთავრობო ორგანიზაციების , კომპანია GEORGIAN AMERICAN ALLOYS-წარმომადგენლები, ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებელი სულხან მახათაძე, საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამსახურების თანამშრომლები და რიგითი მოქალაქეები.
ამის შემდეგ სტუმრებმა მოსწავლე ახალგაზრდობის სახლში გადაინაცვლეს, სადაც ყრუთა კავშირის წევრი ბავშვების კონცერტი გაიმართა.
ყრუთა კავშირის ხელმძღვანელობამ იმერეთის მხარის გუბერნატორის მოადგილესა და საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებელს, შშმ პირების განსაკუთრებული თანადგომისთვის მადლობის სიგელი გადასცეს.
მადლობის სიგელი გადაეცათ ასევე ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებელს და შეერთებული შტატების ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის მაიორ ქრისტოფერ ბარტონს. აქ იმყოფებოდა ამერიკის საელჩოს ჰუმანიტარულ დახმარებათა პროგრამების კოორდინატორი დავით სანიაშვილიც.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ყრუთა კავშირის საჩხერის ფილიალთან მუნიციპალიტეტის გამგეობა აქტიურად თანამშრომლობს.
2015 წელს ფილიალზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 30 000 ლარის სუბსიდია გაიცა.
საჩხერეში სოციალური კაფე „ნაბიჯი“ გაიხსა
20/04/2016