ნუ მოჭრი ბზას

18/04/2016

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის გიგლა აგულაშვილისა და ქორეპისკოპოსის, მეუფე თეოდორეს ერთობლივი ბრიფინგი, ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, საპატრიარქოში გაიმართა. უწყების პირველმა პირმა „ნუ მოჭრი ბზას“ – კამპანიის ფარგლებში, საზოგადოებას კოლხური ბზის მდგომარეობისა და სამინისტროს მიერ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია გააცნო.
კოლხური ბზა გადაშენების საფრთხის წინაშეა – სოკოვანმა დაავადებამ (პათოგენური სოკო Cylindrocladium Buxicola), რომელიც ,,ბზის სიდამწვრის’’ სახელითაა ცნობილი, 2010-2014 წლებში დასავლეთ საქართველოს ბზის კორომების დიდი ნაწილი, მათ შორის, უნიკალური ბუნების ძეგლები გაანადგურა. კოლხური ბზა მასობრივად ხმება ბუნებრივი გავრცელების მთელ არეალზე, რაც უდიდესი დანაკლისია როგორც ეკოლოგიური, ასევე კულტურული და ეკონომიკური თვალსაზრისით.
ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, სამინისტრო განსაკუთრებით ამკაცრებს კონტროლს ბზის მოჭრაზე და სამართალდამრღვევზე გავრცელდება კანონით დადგენილი სანქციები.
ტყეში ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა და აღნიშნულზე გათვალისწინებულია როგორც ადმინისტრაციული, ასევე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ზომები. საჯარიმო სანქციების ოდენობა 200-დან 500 ლარამდეა, ხოლო, თუ გარემოსათვის მიყენებული ზიანი აჭარბებს 1000 ლარს – აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე.
ბზა შესაძლებელია მოპოვებული იყოს მხოლოდ კერძო საკუთრებაში არსებულ სანერგეებიდან, ხელოვნურად გაშენებული პლანტაციებიდან – ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი ადგილწარმოშობს ცნობის საფუძველზე.
აპრილის თვიდან, ეროვნული სატყეო სააგენტო იწყებს დაზიანებული ფართობების დამუშავებას ბიოლოგიური პრეპარატით. დამუშავდება სახელმწიფო ტყის ფონდის 400 ჰა ფართობი სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთისა და გურიის რეგიონებში. გარდა ბრძოლის ღონისძიებისა დაგეგმილია ბზის აღდგენის ღონისძიებებიც.
ბრძოლის ღონისძიებებში ჩართულია ყველა პასუხისმგებელი უწყება: დაცული ტერიტორიების სააგენტო, სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ადგილობრივი თვითმმართველობა, აფხაზეთისა და აჭარის ა/რ შესაბამისი ორგანოები.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო მოსახლეობას ეროვნულ საშენ მეურნეობაში გამოყვანილ ბზას სთავაზობს, რომელიც ეკლესიების მიმდებარე ტერიტორიებზე გაიყიდება.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელთან (CENN) და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან ერთად, 2013 წლიდან აქტიურად მუშაობს არსებული მდგომარეობის შერბილებაზე.
ეროვნული სატყეო პროგრამის (NFP) ფარგლებში, სახელმწიფო ორგანიზაციებისა და დაინტერესებული მხარეების ჩართულობით, მომზადდა კოლხური ბზის გადარჩენის ეროვნული სამოქმედო გეგმა.
სამოქმედო გეგმის ფარგლებში გასულ წელს სამინისტროს ორგანიზებით:
– გაიმართა არაერთი სამუშაო შეხვედრა და კონფერენცია, ქვეყანაში მოქმედ, შესაბამისი პროფილის მქონე სამეცნიერო ორგანიზაციების მონაწილეობით;
– ბზის ჯანსაღი კორომებიდან შეგროვდა თესლი და შეიქმნა თესლის ბანკი;
– განხორციელდა ბზის დაკალმება – მის გასამრავლებლად;
– CENN -ის დახმარებით მომზადდა საინფორმაციო ვიდეო/აუდიო რგოლები და ბეჭდური მასალა, დაავადების/მავნებლის პრევენციის უზრუნველსაყოფად რეკომენდირებული ღონისძიებებისა და შინაურ პირობებში ბზის გამრავლების წესების შესახებ;
– IUCN-ის დამხარებით ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებული ტყის ფონდის ტერიტორიაზე (სამეგრელო ზემო სვანეთის, კახეთის, გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის რეგიონებში) განხორციელდა სატყეო პათოლოგიური შესწავლა საერთაშორისო ექსპერტების მიერ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0