არჩევნებამდე, სავარაუდოდ, იქნება ერთი ან რამდენიმე ცვლილება

15/04/2016

არჩევნებამდე მე მინისტრთა კაბინეტში მნიშვნელოვან ცვლილებებს არ ვგეგმავ. სავარაუდოდ იქნება ერთი ან რამოდენიმე ცვლილება, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე. რაც შეეხება საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, როგორც მან აღნიშნა, მთავრობაში იქნებიან, როგორც ძველი მინისტრები, ასევე ახალი წევრები.

”არიან უფრო წარმატებული მინისტრები, არიან უფრო ნაკლებად წარმატებული მინისტრები, მაგრამ დღესდღეობით ჩავთვალე, რომ ეს პერიოდი გამევლო მათთან ერთად. კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ არჩევნებამდე მე მნიშვნელოვან ცვლილებებს არ ვგეგმავ. სავარაუდოდ, იქნება ერთი ან რამდენიმე ცვლილება. მაგრამ არ მინდა ამაზე მკითხაობა. მე მაქვს ჩემი ხედვები, რომელი მიმართულება არის უფრო წარმატებული და რომელი ნაკლებ წარმატებული. ჯერჯერობით ეს გადაწყვეტილება ბოლომდე არ მაქვს მიღებული და ვფიქრობ, რომ არჩევნებამდე იქნება დრო იმისათვის, რომ ამ საკითხებზე ვიმსჯელოთ. რაც შეეხება არჩევნების შემდეგ, რა თქმა უნდა მოხდება გუნდის განახლება და რა თქმა უნდა გვეყოლება ძველი გუნდიდანაც წარმომადგენლები და იქნებიან ახალი წევრები ჩვენი გუნდის”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

პრემიერის თქმით, მთავრობაში მუშაობენ ღირსეული ადამიანები, რომელთაც მნიშვნელოვანი საქმე შეასრულეს კონკრეტულ დროს. კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს სამინისტროების პორტფელებიც წარუდგინა, სადაც სამინისტროების 3-დან 5-მდე პრიორიტეტია მითითებუილი, რაც კონკრეტულმა მინისტრებმა გამოყვეს საკუთარი სამომავლო თუ შესრულებული საქმიანობიდან. პრემიერის თქმით, სწორედ ამ პრიორიტეტების გამოყოფის გამო, დღეს ყველა მინისტრი კოორდინაციის კუთხით ერთ გუნდად მუშაობს.

”მე შემიძია გითხრათ, რომ ჩვენ ჩავატარეთ მნიშვნელოვანი სამუშაო. მე მინდა წარმოგიდგინოთ თითოეული სამინისტროს პორტფელის განხილვა, რომლის პერიოდშიც განსაზღვრული იქნა 3-დან 5-მდე პრიორიტეტი და კონკრეტული გეგმები.
ეს არის თითოეული სამინისტროს პრიორიტეტული მიმართულებები. ყველა მინისტრმა დღეს იცის ყველა დანარჩენი მინისტრის პორტფელი და პრიორიტეტი. ისინი ერთიანი გუნდური შემართებით მუშაობენ კოორდინაციის კუთხითაც, რომ ეს გამოწვევები იქნას დაძლეული”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0