პრეზიდენტმა, ხუთი თვით ადრე საარჩევნო კამპანიის დაწყებასთან დაკავშირებით, სრულიად გაუგებარი განცხადებები გააკეთა, – განაცხადა კახა კალაძემ. როგორც მან აღნიშნა, მისასალმებელია ის ფაქტი, რომ არჩევნების თარიღი წინასწარ გახდა ცნობილი.
„პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებულია. ვფიქრობ, ოპოზიციური პარტიებისთვის მისასალმებელია, რომ წინასწარ გახდა ცნობილი 8 ოქტომბერი და შესაძლებელი იქნება, რომ მათ 3 თვის განმავლობაში სრულყოფილი საარჩევნო კამპანია ჩაატარონ, თავისი ხედვები, ქვეყნის განვითარების გეგმები, რაც გააჩნიათ, მოსახლეობას გააცნონ. ყოველთვის იყო ჩხუბი და საუბარი იმაზე, რომ წლების განმავლობაში არ ხდებოდა წინასწარ თარიღის გაჟღერება. 5-6 თვით ადრე იქნა ახლა გაჟღერებული და ამბობენ, რომ ცუდია. არ ვეთანხმები ნამდვილად“, – განაცხადა კალაძემ.
რაც შეეხება საარჩევნო კამპანიის დაწყების თარიღს, როგორც მან აღნიშნა, პრემიერ-მინისტრმა მთავრობის გუშინდელ სხდომაზე კარგი განმარტებები გააკეთა.
”თუმცა, პრეზიდენტმა სრულიად გაუგებარი განცხადებები გააკეთა ხუთი თვით ადრე საარჩევნო კამპანიის დაწყებასთან დაკავშირებით, მაგრამ თქვენ იცით, რომ ამას მარტო პრეზიდენტი ვერ წყვეტს. ეს უნდა მოხდეს ურთიერთშეთანხმების შედეგად და შესაბამისად, იქნება გაკეთებული და მიღებული გადაწყვეტილება, რომ 8 ივლისიდან დაიწყოს, ანუ 3 თვე არის აბსოლუტურად საკმარისი იმისთვის, რომ საარჩევნო კამპანია ყველა პოლიტიკურმა პარტიამ სრულყოფილად ჩაატაროს”, – განაცხადა კალაძემ.
კითხვაზე, არის თუ არა დაპირისპირება პრემიერ-მინისტრისა და პრეზიდენტს შორის, კალაძის თქმით, ის დაპირისპირებას ვერ ხედავს.
”ვფიქრობ, თავიდან იყო გაუგებრობა. შეიძლება კანცელარიის მხრიდან არასწორად იყო ინფორმაცია მიწოდებული. გუშინ პრემიერმა ამას ხაზი გაუსვა. ხდება ხოლმე რაღაც გაუგებრობა, შეცდომა, ეს ნორმალურია, თუმცა ეს არ უნდა გავხადოთ რაღაც პოლიტიკურ თამაშად, ერთმანეთის ჯიბრში ჩადგომად. აქ არის ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საქმე. საპარლამენტო არჩევნები უაღრესად მნიშვნელოვანია და ეს პატარა რაღაც ხუთი თვე იყო, თუ სამი თვე არასერიოზულად მეჩვენება”, – განაცხადა კალაძემ.