საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი უკვე მესამე დღეა შეხვედრებს მართავს ინდოეთის კინოინდუსტრიის წარმომადგენლებთან.
ქეთევან ბოჭორიშვილმა გუშინ და დღეს 25 ინდურ კინომწარმოებელ კომპანიას გააცნო კინოინდუსტრიის წახალისების კომპონენტი, რომლის ფარგლებში დანერგილია ე. წ cash rebate მექანიზმი, რომელიც კინომწარმოებლის მიერ საქართველოში დახარჯული ბიუჯეტიდან კვალიფიციური ხარჯების 20-25%-მდე ანაზღაურებას გულისხმობს.
აღნიშნული კომპანიები წარმოადგენენ მსხვილ ინდურ კომპანიებს, რომელთა ბიუჯეტი 100 მილიონ დოლარს აღემატება და წელიწადის განმავლობაში მინიმუმ 4-5 ფილმს იღებენ.
მინისტრის მოადგილე ინდოეთში ვიზიტის ფარგლებში ინდოელ რეჟისორს ვარუნ ბაჯაჯსაც შეხვდა და დეტალურად განიხილა კინოგადაღების კუთხით საქართველოში არსებული პოტენციალი და კინომწარმოებლებისთვის ხელსაყრელი გარემო.
ქართული მხარის შეხვედრები ინდურ ბაზარზე მოქმედ კინომწარმოებლებსა და საპროდიუსერო კომპანიებთან, რომელშიც ინდოეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის მრჩეველი, დავით პიპინაშვილიც იღებს მონაწილეობას, ადგილობრივი კინოინდუსტრიის განვითარების მიზნით უმნიშვნელოვანესია. სტატისტიკურად ბოლივუდში წლის განმავლობაში 500 ფილმის გადაღება ხდება, ხოლო მთლიანად ქვეყნის მასშტაბით 3000 ფილმი იწარმოება.
მუმბაიში კინოინდუსტრიის ხელშეწყობის კომპონენტის პრეზენტაცია
15/04/2016