აქტიურად მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია ასპინძის მუნიციპალიტეტში. რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით დაგეგმილია 5 მასშტაბური პროექტი და ჯამში 9,1 კილომეტრი სიგრძის გზა მოწესრიგდება. სამუშაო პროცესს დღეს ადგილზე გაეცნენ სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე და ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებელი ლევან ცაბაძე.
ასფალტბეტონის საფარის დაგება მიმდინარეობს სოფლების ორგორისა და საყუდაბელის დამაკავშირებელი გზის 3700 მეტრიან მონაკვეთზე. პროექტის ღირებულებაა 760 046 ლარი. სამუშაოები აქ მარტის შუა რიცხვებში დაიწყო და აპრილის ბოლოს, ვადაზე ადრე დასრულდება. პროექტი სამწლიანია, რომლის პირველი ეტაპი გასულ წელს ზველი-ჭობარეთის გზის რეაბილიტაციით დაიწყო და 2017 წელს დასრულდება . შედეგად ოთხი სოფლის 1500-მდე მაცხოვრებელი კეთილმოწყობილი გზით შეძლებს ადმინისტრაციულ ცენტრთან დაკავშირებას.
სარეაბილიტაციო სამუშაოები ხორციელდება ასევე ასპინძის ციხესთან, მეფე ერეკლე მეორის ქუჩაზე, სოფელ ოთასთან მისასვლელ გზაზე. პროექტის ფარგლებში ასფალტბეტონის საფარი იგება 1200 მეტრი სიგრძის გზის მონაკვეთზე. ამ დროისთვის მიმდინარეობს ნაპირსამაგრი სამუშაოები, სანიაღვრე არხების მოწყობა და გზის გრუნტის მომზადება ასფალტის საფარის დასაგებად. პროექტს 297 783 ლარი მოხმარდება.
უკვე დასრულებულია დაბა ასპინძაში, გურამიშვილის ქუჩის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. პროექტის ფარგლებში ასფალტის საფარი დაიგო გზის 1 კილომეტრიან მონაკვეთზე. პროექტი 262 ათასი ლარით დაფინანსდა.
ასპინძის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და ჯამში 2 102 169 ლარია გათვალისწინებული.