პროფესორებს აქვთ უფლება მიმართონ პროტესტის იმ ფორმას, რომელიც მათ მიაჩნიათ სწორად

14/04/2016

პროფესორებს აქვთ უფლება მიმართონ პროტესტის იმ ფორმას, რომელიც მათ მიაჩნიათ სწორად, – განაცხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ. განათლების მინისტრმა ისაუბრა პროფესორების ნაწილის პროტესტის მიზეზებზეც.

„მიზეზი, რატომ მიმდინარეობს ეს ტექნიკურ უნივერსიტეტში, გამომდინარეობს შემდეგიდან. ერთ-ერთი თანამონაწილე, რომელიც არის აქციის მოშიმშილეებს შორის, იყო რექტორობის კანდიდატი, რომელმაც ვერ გაიმარჯვა არჩევნებში. ამას შემდეგ მოჰყვა ის არგუმენტაცია, რომელიც უკავშირდება მესამე ვადით რექტორის არჩევნების ჩატარებას. ამ საკითხით მომჩივანი მხარე იყო შემოსული განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, რის შედეგადაც ჩვენ ჩავატარეთ ადმინისტრაციული საქმის წარმოება. მოკვლევამ აჩვენა, რომ ასეთი არჩევნების ჩატარების უფლება უნივერსიტეტს ჰქონდა. შესაბამისად, წესით კითხვის ნიშნები უნდა მოხსნილიყო, მაგრამ კითხვის ნიშნები დარჩა. საქმე ეხება უკვე კანონის ინტერპრეტაციას. კანონის ინტერპრეტაციის უფლება სახელმწიფოში აქვს მხოლოდ და მხოლოდ სასამართლოს. სასამართლოს ამ მომჩივანთა ამ ჯგუფმა უკვე მიმართა. მე ვფიქრობ, სასამართლო იქნება ის ორგანო, რომელიც საბოლოოდ გადაწყვეტს, სწორად ჩატარდა თუ არასწორად ტექნიკურ უნივერსიტეტში არჩევნებში. ყველა შემდგომი ქმედება, განსაკუთრებით ჩვენი მხრიდან, იქნება დამოკიდებული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე“, – განაცხადა სანიკიძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0