ტიტას ხეს, რომელმაც შავი ზღვა გადმოცურა, უფრო მეტი წარმატება ჰქონდა, ვიდრე გიორგი კვირიკაშვილს

13/04/2016

ტიტას ხეს, რომელმაც შავი ზღვა გადაცურა, უფრო მეტი წარმატება ჰქონდა, ვიდრე კვირიკაშვილს მისი პრემიერად მოღვაწეობის 100 დღეში, – განაცხადა ირმა ნადირაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. როგორც მან აღნიშნა, 100 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც კვირიკაშვილი პრემიერი გახდა.

”ჩვენთვის ცნობილია, რომ ის მიმდინარე კვირას ამ 100 დღის შეჯამებას აპირებს. ეს იქნება შეხვედრა, სადაც გაგვაცნობს ალბათ მორიგ გეგმას, რომელიც არ შესრულდება, რადგან როგორც წესი “ოცნების” არც ერთი პირობა არ სრულდება.
ჩვენ გვაქვს კითხვები პრემიერთან – როგორ მოახერხა მოსახლეობის 70%-ს ჩაეთვალა, რომ ის სიღარიბეში ცხოვრობს?! როგორ მოხერხდა, რომ 57 % თვლის, რომ კრიმინალი გაიზარდა, 65% თვლის, რომ დაუსაქმებელია და მხოლოდ 20 % მიიჩნევს რომ საქართველო სწორად ვითარდება. სამწუხაროა, რომ ქართულმა ოცნებამ ქვეყნის მოსახლეობა უიმედო ადამიანებად გადააქცია”, – განაცხადა ნადირაშვილმა.

რაც შეეხება პოლიტიკურ ფონს, დეპუტატის განცხადებით, 100 დღის განმავლობაში ბევრი ცუდი რამ მოხდა.

”მაგალითად, ერთ-ერთ ოპოზიციის ლიდერს შუა ქალაქში ესროლეს და ჩვენ დღემდე არ ვიცით რა მოხდა. გამოძიებას არ გაუცნია საზოგადოებისთვის მოტივი. ვრცელდება პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები. რა ხდება საარჩევნო გარემოს თვალსაზრისით? – ერთი ნაბიჯიც არაა წინ გადადგმული იმისთვის, რომ ეს გარემო გაუმჯობესდეს. ჩვენ რომ შევაჯამოთ ეს 100 დღე, მივიღებთ სურათს, რომ ყველა მიმართულებით ვითარება გაუარესებულია. ტიტას ხეს, რომელმაც გადმოცურა შავი ზღვა, მეტი წარმატება ჰქონდა, ვიდრე კვირიკაშვილს”,- განაცხადა ნადირაშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0