ჩვენ ”საკონსტიტუციო სასამართლო შესახებ” კანონს ვიხილავთ

13/04/2016

სერგო რატიანის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილება, შეიცვალოს “საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონი, მათი და მთავრობის არაერთი მარცხითაა განპირობებული. აღნიშნული განცხადება რატიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, აღნიშნულ კანონში დაგეგმილი ცვლილებების განხილვისას გააკეთა.

”ჩვენ ”საკონსტიტუციო სასამართლო შესახებ” კანონს ვიხილავთ, რომლის შეცვლაც უმრავლესობამ გადაწყვიტა. სექტემბრიდან უმრავლესობამ ორჯერ პოლიტიკური მარცხი განიცადა, რადგან სამართლებრივი ბრძოლა წააგო – საკონტიტუციო სასამართლომ დაადასტურა, რომ გიგი უგულავას პატიმრობა არაკონსტიტუციური იყო და ის ერთი დღით მაინც გათავისუფლდა. ეს იყო სერიოზული ნიშანი იმისა, რომ უმრავლესობა და მთავრობა არასწორი გზით მიდის. მეორე ასეთი მარცხი დაკავშირებული იყო იმასთან, რომ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის დახურვა ვერ მოახერხეთ. მაშინ გვაბრალებდით, რომ რევოლუციურ სცენარს ვამზადებდით, მაგრამ არა! ჩვენ მშვიდად, სამართლებრივად დაგამარცხეთ”, – განაცხადა რატიანმა.

საპარლამენტო ოპოზიციის შეფასებით, “საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონში დაგეგმილი ცვლილებები საკონსტიტუციო სასამართლოს წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებაა. “ნაციონალური მოძრაობის” წევრების განცხადებით, მმართველი გუნდს არ მოსწონს რა, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები, მის დასჯას საკანონმდებლო ცვლილებებით აპირებს.
უმცირესობა აცხადებს, რომ აღნიშნული პროექტი პოლიტიკურად არის მოტივირებული და ამასთან, დაწერილია საკონსტიტუციო სასამართლოს კონკრეტული მოსამართლეების წინააღმდეგ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0