გარკვეული იმედები თითქოს გაჩნდა ახალ პრემიერთან დაკავშირებით

13/04/2016

პრობლემები, რომლის წინაშეც არის ჩვენი მოსახლეობა, სამწუხაროდ, შედეგია იმ პოლიტიკის, რომელსაც ატარებს დღევანდელი ხელისუფლება, – განაცხადა მიხეილ მაჭავარიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. მისი განცხადებით, როგორც NDI-ის ბოლო კვლევებით გამოჩნდა, მთავარი პრობლემა ჩვენს ქვეყანაში არის უმუშევრობა, ეკონომიკური გაჭირვება, სიღარიბე და სიღატაკე.

”გარკვეული იმედები თითქოს გაჩნდა ახალ პრემიერთან დაკავშირებით, მაგრამ, მას შემდეგ, რაც ის საჯაროდ დაგვპირდა, ერთად გვესაუბრა საგადასახადო ლიბერალიზაციაზე და მერე არც კი იკადრა შეხვედრა უმცირესობასთან, თავისთავად ეს ყველაფერი ჩამოიშალა. ამის ლოგიკურ პასუხს მთავრობა იღებს ჩვენი მოსახლეობის განწყობებიდან. დღეს არის ყველაზე დაბალი ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში და 2 თვეში შეადგენს 1,7 % -ს. დღეს არის ყველაზე მაღალი საგარეო ვალი, რაც გამოქვეყნდა ეროვნული ბანკის მონაცემებით – 15 მილიარდი დოლარი, 2012 წლისთვის ეს იყო 8 მილიარდი დოლარი. დღეს არის ყველაზე დაბალი საგარეო ვაჭრობა ექსპორტის და იმპორტის თვასაზრისით ბოლო 4 წლის განმავლობაში”, -განაცხადა მაჭავარიანმა.

მაჭავარიანის განცხადებით, ისეთი განცდა აქვს, რომ რაც არ უნდა თქვას ”ნაიცონალურმა მოძრაობამ”, ხელისუფლებას და უმრავლესობას არ ესმის.

”რატომ არ გესმით, არ ვიცი. თქვენ მიაქანებთ ქვეყანას ისეთი ეკონომიკური უფსკრულისკენ, საიდანაც ვერავინ ვერ ამოიყვანს. ისეთ მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში შევედით, რომელიმე სერიოზულმა ძალამ ეს ყველაფერი თუ არ შეაჩერა ამ საპარლამენტო არჩევნებში, ამ ქვეყანას უბრალოდ ეკონომიკური პერპექტივა არ ექნება”, -განაცხადა მაჭავარიანმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0