ქორწინების საკითხზე რეფერენდუმის დანიშვნასთან დაკავშირებით პრეზიდენტთან კონსულტაციები დაწყებულია

13/04/2016

ქორწინების საკითხის კონსტიტუციაში განსაზღვრის თაობაზე რეფერენდუმის დანიშვნასთან დაკავშირებით პრეზიდენტთან კონსულტაციები დაწყებულია.

როგორც prof-news-სთვის გახდა ცნობილი, რეფერენდუმის დანიშვნის თემაზე პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს უკვე ესაუბრა.
არსებული ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუკი უმრავლესობის 80 დეპუტატის ხელმოწერით პარლამენტში წარდგენილი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი ვერ გავა და მის მისაღებად საჭირო ხმების მობილიზება ვერ მოხერხდება, ”ქართული ოცნება” ალტერნატიულ გზად სწორედ რეფენდუმის ჩატარებას განიხილავს, რაც მათივე გეგმით, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან ერთად უნდა მოხდეს.

”ინტერპრესნიუსს” ინფორმირებულმა წყარომ აცნობა, რომ აღნიშნულ საკითხზე პრემიერი პრეზიდენტს უკვე ესაუბრა.

საქართველოს კონსტიტუციის და ”რეფერნდუმის შესახებ” ორგანული კანონის გათვალისწინებით, პრეზიდენტი უფლებამოსილია პარლამენტის, მთავრობის, არანაკლებ 200 000 ამომრჩევლის მოთხოვნით რეფერენდუმი დანიშნოს.

რეფერენდუმის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი გამოქვეყნების დღიდან, აქვს იურიდიული ძალა და საბოლოოა. რეფერენდუმის შედეგებს აქვს პირდაპირი მოქმედების ძალა.

აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ორგანული კანონის გათვალისწინებით, რეფერენდუმი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე იმართება, განსხვავებით პლებისციტისგან, რომელიც ამომრჩეველთა ერთი ნაწილის აზრის გასაგებად შეიძლება ჩატარდეს. პლებისციტს პრემიერი ნიშნავს და ის რეფერენდუმისგან იმითაც განსხვავდება, რომ მის შედეგს, შესრულების კუთხით, არა სავალდებულო, არამედ სარეკომენდაციო ხასიათი აქვს.

”ქართული ოცნება” გამოდის ინიციატივით, რომ ქორწინება, როგორც ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, საქართველოს კონსტიტუციაში დაფიქსირდეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0