საპარტნიორო ფონდის დელეგაცია ესპანეთში საქმიან შეხვედრებს მართავს

13/04/2016

საპარტნიორო ფონდის ოფიციალური დელეგაცია მადრიდში საქმიანი ვიზიტით იმყოფება. ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ და საინვესტიციო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი ჩერქეზიშვილმა „აგროინდუსტიული კომპლექსის ფორუმი-მადრიდი 2016“ -ში მიიღეს მონაწილეობა. ბიზნეს ფორუმი ჩატარდა ესპანეთის ნაციონალური ასოციაცია SERCOBE -სა და კომპანია ICEX -ის მხარდაჭერით, რომელსაც ესპანეთის მთავრობისა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან აგროინდუსტრიაში ჩართული კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ბიზნეს ფორუმი სოფლის მეურნეობისა და აკვაკულტურის განვითარებას მიეძღვნა.
დავით საგანელიძემ ფორუმში მონაწილე ბიზნეს კომპანიების წარმომადგენლებს საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი, მიმზიდველი ბიზნესგარემო და ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები გააცნო. საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა თავის გამოსვლაში ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობის მნიშვნელობა, სატრანზიტო პოტენციალი და ბიზნესის კეთების სიმარტივის კუთხით არსებული მდგომარეობა. საინვესტიციო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი ჩერქეზიშილმა ფონდის საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია მოაწყო და ფორუმში მონაწილე აგროინდუსტრიაში ჩართულ კომპანიებს საპარტნიორო ფონდის სტრატეგია, მანდატი და ის სფეროები გააცნო, რომელშიც პროექტებს ახორციელებს.
ბიზნეს ფორუმის ფარგლებში საპარტნიორო ფონდის წარმომადგენლებმა პირისპირ შეხვედრები ფორუმში მონაწილე კომპანიების CATRI-ს, DAYMSA-ს, TECHNOVE, GANDARIA-ს ხელმძღვანელებთან გამართეს. მხარეებმა ერთმანეთს აგროინდუსტრიის სფეროში არსებული გამოცდილება გაუზიარეს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
საპარტნიორო ფონდის დელეგაცია მადრიდში საქმიანი წრეების წარმომადგენლბეთან შეხვედრებს განაგრძობს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0