“ეროვნული ფორუმი“ ამნისტიის აქტის გამოცემის ინიციატივით გამოდის. ფრაქციის მიერ პარლამენტში წარდგენილია პროექტი, რომელიც სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან და სასჯელისგან მამაკაცების 70 წლის, ხოლო ქალების 65 წლის ასაკიდან გათავისუფლებას ითვალისწინებს.
“ეროვნული ფორუმის“ პროექტის თანახმად, ამნისტია არ შეეხებათ მსჯავრდებულებს, რომლებიც სასჯელს შემდეგი დანაშაულებისთვის იხდიან: განზრახ მკვლელობა (მუხლი 108); განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში (მუხლი 109); სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით (მუხლი 116); ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება (მუხლი 117); ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება (მუხლი 118); შიდსის შეყრა (მუხლი 131); გაუპატიურება (მუხლი 137); სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედება (მუხლი 138); გარყვნილი ქმედება (მუხლი 141); თავისუფლების უკანონო აღკვეთა (მუხლი 143); ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი) (მუხლი 143/1); არასრულწლოვნით ვაჭრობა (ტრეფიკინგი) (მუხლი 143/2); მძევლად ხელში ჩაგდება (მუხლი 144); წამება (მუხლი 144/1); დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა (მუხლი 144/3); ყაჩაღობა (მუხლი 179); ქურდული სამყაროს წევრობა, კანონიერი ქურდობა (მუხლი 223/1); ბანდიტიზმი (მუხლი 224); ბირთვული მასალისადმი ან მოწყობილობისადმი, რადიოაქტიური ნარჩენისადმი, რადიოაქტიური ნივთიერებისადმი უკანონო მოპყრობა (მუხლი 230); ბირთვული ნივთიერების მართლსაწინააღმდეგოდ მოთხოვნა (მუხლი 231/1); ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება (მუხლი 260); ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანა, საქართველოდან უკანონოდ გატანა ან ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვა (მუხლი 262); საქართველოში ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების დიდი ოდენობით უკანონოდ შემოტანა, საქართველოდან უკანონოდ გატანა ან ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვა (მუხლი 263).
გარდა ამისა, “ეროვნული ფორუმის“ პროექტით, ამნისტია არ გავრცელდება ნარკოტიკულ ნივთიერებებთან დაკავშირებულ ისეთ დანაშაულებზე, რომელიც სანქციებს “სისხლის სამართლის კოდექსის“ შემდეგი მუხლებით აწესებს: 264-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 265-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 266-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 267-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილით, 268-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 272-ე მუხლის მე-3 ნაწილით.
აღნიშნული პროექტით ამნისტია ასევე არ გავრცელდება შემდეგ დანაშაულებზე: – ტერორისტული აქტი (მუხლი 323); ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინება (მუხლი 331); ტერორიზმის დაფინანსება, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარი მატერიალური მხარდაჭერა ან რესურსებით უზრუნველყოფა (მუხლი 331/1); საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა (მუხლი 344); დაკავების ადგილიდან, პენიტენციური დაწესებულებიდან, თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებიდან ან მოთავსების სხვა ადგილიდან, გაყვანისას/გადაყვანისას ან ექსტრადიციისას ბრალდებულის/ მსჯავრდებულის გაქცევა (მუხლი 379); აგრესიის აქტის დაგეგმვა, მომზადება, დაწყება ან წარმოება (მუხლი 404); საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების სხვა დარღვევა (მუხლი 413).
“ეროვნული ფორუმის“ ინფორმაციით, წარმოდგენილი პროექტის მიღება და განხორციელება ხელს შეუწყობს დაახლოებით 116 ბრალდებულის და მსჯავრდებულის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან გათავისუფლებას.