შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ლილოს კინოლოგიის ცენტრის ტერიტორიაზე, ადმინისტრაციული შენობის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი. საძირკველში კაფსულის ჩადების ცერემონიაში შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი იან კელი მონაწილეობდნენ. კაფსულაში მათ სიმბოლურად შსს-ს სასაზღვრო პოლიციისა და ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სფეროში საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) მედალიონები მოათავსეს.
როგორც გიორგი მღებრიშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა: „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციაში იწყება ახალი პროექტი, რომელიც ქვეყნის დასავლურ სტანდარტებთან ჰარმონიზაციის პროცესში კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია. ამ ეტაპზე თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტო იწყებს სასაზღვრო პოლიციის აქტიურ მხარდაჭერას საქართველოს სახელმწიფო სახმელეთო საზღვრის განვითარების პროცესში, რაც ამ უწყებებს შორის თანამშრომლობას ახალ საფეხურზე გადაიყვანს. პროექტის ფარგლებში, დღეს საფუძველი ჩაეყრება შსს-ს სასაზღვრო პოლიციის კინოლოგიური ცენტრის ადმინისტრაციული შენობის მშენებლობას. ეს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სახელმწიფო საზღვრის უსაფრთხოების უზრუნველყოფას, რაც ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში საქართველოს მთავრობისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია“.
პროექტი აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) მიერ ხორციელდება და შსს-ს სასაზღვრო პოლიციის შესაძლებლობების განვითარებასა და სახელმწიფო სახმელეთო საზღვრის უსაფრთხოების უზრუნველყოფას ისახავს მიზნად.
უახლოეს მომავალში დაგეგმილია სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება, მათ შორის, სექტორების მშენებლობა, ვოლიერების რეკონსტრუქცია, დაკვირვების სისტემების მოწყობა და შესაბამისი ტექნიკური აღჭურვის უზრუნველყოფა. შსს-ს სასაზღვრო პოლიციას ტექნიკური აღჭურვილობა და სატრანსპორტო საშუალებებიც გადმოეცემა.
მნიშვნელოვანი საზღვაო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების შემდეგ, ეს პირველი პროექტია, რომელსაც DTRA საქართველოს სახელმწიფო სახმელეთო საზღვრის განვითარების მიზნით ახორციელებს.
შს მინისტრმა კინოლოგიის ცენტრის მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი
12/04/2016