საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის სხდომა გაიმართა. შეხვედრას ჯანდაცვის მინისტრი და მინისტრთა კაბინეტის წევრები დაესწრნენ. განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი, ასევე, დამსაქმებელთა და დასაქმებულთა გაერთიანებების, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები.
სერგეენკოს განმარტებით, სამმხრივი კომისია მთავარი სტრუქტურაა, რომელიც შრომის მიმართულებით ძირითად პოლიტიკას განსაზღვრავს. როგორც შრომით დავებს, შრომის მედიაციას, ასევე საერთაშორისო კონვენციებთან რატიფიცირების საკითხებს.
სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის ფორმატს მნიშვნელოვანი უწოდა თამარ სანიკიძემ. მისი თქმით, გადაწყვეტილების მიღება უნდა ხდებოდეს იქ, სადაც ჩართულია სოციალური პარტნიორი, დამსაქმებელი და სახელმწიფო უწყება.
ნოდარ ჯავახიშვილმა კი, სხდომაზე განსახილველი საკითხებიდან სამოქმედო გეგმისა და სოციალური ქარტიის ცალკეული მუხლების რატიფიცირების საკითხის განხილვა გამოყო.
პროფკავშირების თავმჯდომარის, ირაკლი პეტრიაშვილის შეფასებით, სამმხრივ ფორმატში მუშაობა სტაბილურობის, საწარმოო კონფლიქტების არარსებობის გარანტიაა.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კომისიის სხდომაზე 2016-2017 წლების სამოქმედო სტრატეგია განიხილება, რომელიც შრომის კოდექსის, შრომის ინსპექციის, შრომითი მედიაციის, საპენსიო პოლიტიკის, მინიმალური ხელფასის ოდენობის, განათლებისა და საინვესტიციო პოლიტიკის საკითხებს მოიცავს.
შეხვედრაზე სოციალური ქარტიის გარკვეული მუხლების რატიფიცირების შესახებ იმჯელებენ. ასევე განიხილავენ 144-ე კონვენციის რატიფიცირებას, რომელიც მთავრობის, დამსაქმებლებისა და დასაქმებულების ურთიერთთანამშრომლობის პრინციპებს ემსახურება.
ჯანდაცვის სამინისტროში სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის სხდომა გაიმართა
11/04/2016