1989 წლის 9 აპრილთან დაკავშირებით, მოძრაობა ,,ეროვნული”-ის ლიდერი სანდრო ბრეგაძე prof-news-თან საუბრობს:
,, 1989წლის 8 აპრილი. უკვე 1 კვირაა უნივერსიტეტის სტუდენტები პირველი კორპუსის კიბეებზე მჯდომარე საპროტესტო აქციას ვმართავთ. არიან მოშიმშილეები. დაახლოებით საღამოს 8-9 საათზე რუსთაველის პროსპექტზე მიმდინარე აქციიდან მოდის 3 კაციანი დელეგაცია. გავედით უნივერსიტეტის ბაღის სიღრმეში, გადმომცეს ზვიადის დანაბარები, რომ უნივერსიტეტთან დაგვეშალა აქცია და გადავსულიყავით მთავრობის სასახლესთან, რადგან სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა და შესაძლებელი იყო დარბევა. დაახლოებით 1 საათში დავიძარით მთავრობის სახლისკენ. დაახლოებით 500 უნივერსიტეტის სტუდენტი. მომიტინგეები ოვაციებით შეგვხვდნენ. ზვიადმა ტრიბუნაზე ამიყვანა და მიკროფონი გადმომცა. არც მახსოვს რა ვთქვი, რადგან პირველად გამოვდიოდი ამდენი ხალხის წინაშე, ერთადერთი ტაში დამამახსოვრდა. გავმაგრდით რუსთაველის კინოს მიმდებარე ტერიტორიაზე……რამდენიმე საათში შევამჩნიეთ სამხედრო ტექნიკა თავისუფლების მოედანზე, შემდეგ ჯარისკაცები…. იმის გამო რომ რუსთაველის კინოს წინ ვიყავით პირველები უნივერსიტეტის სტუდენტები შევეჩეხეთ ჯარისკაცებს, პირველი დარტყმა სტუდენტებმა მივიღეთ (ჩემთან ერთად ჩემი მშობლები, დეიდაშვილი და რამდენიმე უბნელიც იყო) დაგვიწყეს ცემა, ცოტა ხანი გავუძელით, შემდეგ უკან დავიხიეთ, ვიღაც ღვთისნიერმა კინოს კარი გააღო და კინოს ფოიეში აღმოვჩნდით. შემდეგ მცირე დარბაზიდან გამოსასვლელი კარი ვიპოვეთ და ფურცელაძის ქუჩაზე აღმოვჩნდით. ქუჩა სამხედროებით იყო სავსე. ამ დროს ერთმა სალდატმა რაღაც ნივთი ისროლა, რომელიც ბოლს უშვებდა, ეს ნივთი დედაჩემის ფეხებთან დაეცა (დედაჩემი საშინლად მოიწამლა და დღემდე აქვს ამ მოწამვლის რეციდივები) ატყდა პანიკა, ხალხმა არ იცოდა საით წასულიყვნენ, სტუდენტებმა ერთმანეთი დავკარგეთ და ამდენ ხალხში წარმოუდგენელი იყო მეგობრების პოვნა, დარბევა დილამდე გაგრძელდა………დილით გავიგეთ ჩვენი დაღუპული გმირების შესახებ. ზვიადი, მერაბი და სხვა ლიდერები დაიჭირეს……………… 2 წლის შემდეგ იმავე დღეს, იმავე ადგილას ამაყები ვიდექით და პრეზიდენტ გამსახურდიას სიტყვას ვისმენდით…მან საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა, 1991 წლის 9 აპრილი ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი დღეა ჩემს ცხოვრებაში. გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს !!!! ჩვენთან არს ღმერთი !!!!!!!! – განაცხადა სანდრო ბრეგაძემ.