ალიანსის უფრო მეტად გაფართოება ამ ეტაპზე დღის წესრიგში არ დგას

08/04/2016

ალიანსის უფრო მეტად გაფართოება ამ ეტაპზე დღის წესრიგში არ არის, – ამის შესახებ ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ინტერვიუში აცხადებს, რომელსაც ”ამერიკის ხმის” ქართული რედაქცია ავრცელებს.

ამის მიუხედავად, როგორც ალიანსის გენერალური მდივანი განმარტავს, ნატოს ყოველთვის ექნება ღია კარის პოლიტიკა.

”ნატო წევრების მოწვევის პროცესშია. ალიანსმა მონტენეგროს მოწვევა გადაწყვიტა. ჩვენ ახლა ამ პროცესს ვასრულებთ. შემდეგი ეტაპი ეროვნული პარლამენტების მიერ ნატოში მონტენეგროს გაწევრიანების მხარდაჭერაა, ამ ყველაფრის შემდეგ ნატოს 29-ე წევრი შეუერთდება…

ალიანსის უფრო მეტად გაფართოება ამ ეტაპზე დღის წესრიგში არ არის. ჩვენ ყოველთვის გვექნება ღია კარის პოლიტიკა და ყოველთვის ვითანამშრომლებთ პარტნიორ ქვეყნებთან. ნატოს ბევრი ახლო და მნიშვნელოვანი პარტნიორი ქვეყანა ჰყავს”, – აცხადებს ნატოს გენერალური მდივანი.
ამასთან, ინტერვიუში იენს სტოლტენბერგი რუსეთთან ურთიერთობებზეც საუბრობს და დიალოგის მნიშვნელობას უსვამს ხაზს.

”დიალოგი საჭიროა, რათა თავიდან ავიცილოთ ახალი “ცივი ომი”. ნატოს რუსეთთან კონფრონტაცია არ სურს. ჩვენ მტკიცედ გვჯერა რომ ძლიერი თავდაცვა დიალოგთან წინააღმდეგობაში არ მოდის. დიალოგი უნდა გაიმართოს ისეთი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად, როგორიც იყო, მაგალითად, თურქეთში რუსული შვეულმფრენის ჩამოგდება. ისედაც რთული ვითარების კიდევ უფრო გართულების თავიდან ასაცილებლად მეტი გამჭვირვალობის და რისკების შემცირების მექანიზმებია საჭირო”, – აღნიშნავს სტოლტენბერგი.

რაც შეეხება ნატოსთვის უსაფრთხოების კუთხით არსებულ მთავარ გამოწვევებს, ალიანსის გენერალური მდივანი ერთ-ერთ გამოწვევად ”ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ ბრძოლას ასახელებს.

”ვაშინგტონში ვიზიტის მთავარი მიზანი ივლისში, ნატოს ვარშავის სამიტისთვის მომზადებაა. ვარშავაში ჩვენ, უკრაინაში აგრესიული ქმედებების გამო, რუსეთთან მიმართებით უფრო მტკიცე ნაბიჯების გადადგმაზე ვიმსჯელებთ. ასევე ვიმსჯელებთ იმაზე თუ როგორ უნდა გავაუმჯობესოთ ჩვენი ძალისხმევა დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში, და იმ ძალადობის დასაძლევად რისი მომსწრენიც გავხდით ერაყში, სირიასა და ზოგადად – ახლო აღმოსავლეთში.

ეს საკითხები რჩება ორ მთავარ გამოწვევად. ეს ორი განსხვავებული პრობლემებია, მაგრამ ჩვენ ერთდროულად ვდგავართ გამოწვევების წინაშე როგორც ალიანსის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ანუ ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში, ასევე რუსეთისგან მომდინარე გამოწვევების წინაშე. ამ ყველაფრის პასუხად ჩვენ ”ცივი ომის” შემდეგ ყველაზე მასშტაბურ კოლექტიური თავდაცვის მექანიზმს ვიყენებთ. მათ შორისაა ნატოს ძალების მეტი წარმომადგენლობა ალიანსის აღმოსავლეთში, ამ ძალების შესაძლებლობების ზრდა და, საჭიროების შემთხვევაში, მოქმედებისთვის მათი მზაობა. ასევე კოლექტიური თავდაცვის ნაწილია ალიანსის აღმოსავლეთში მცირე ზომის შტატების შექმნა. ასე რომ, თანამედროვე უსაფრთხოების გამოწვევებთან დასაპირისპირებლად ბევრს ვაკეთებთ”, – განმარტავს ნატოს გენერალური მდივანი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0