ახალი გზა ზესტაფონიდან დაფნარამდე წელს, ტურისტულ სეზონამდე დასრულდება

06/04/2016

ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი-სამტრედიის გზა – ზესტაფონიდან სამტრედიამდე 57 კმ-იანი საგზაო მონაკვეთის მშენებლობას იაპონიის საერთაშორისო განვითარების სააგენტო აფინანსებს. აღნიშნული მონაკვეთი 3 სამშენებლო უბნად (ლოტად) არის დაყოფილი.
აქედან, პირველი ლოტი – ქუთაისის შემოვლითი და მეორე ლოტი – სამტრედიამდე 32 კმ-იანი გზა 2014 წელს გაიხსნა. ამავე ლოტის დარჩენილ 9,5 კმ-იან მონაკვეთზე მოძრაობა მიმდინარე წლის ზაფხულში გაიხსნება.
აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს მესამე ლოტზე – ზესტაფონიდან-სიმონეთამდე, სადაც 4 ზოლიანი გზა შენდება და მისი დასრულებაც 2016 წლის ზაფხულისთვის იგეგმება.
აღნიშნული გზა, სამივე მონაკვეთის დასრულების შემდეგ, ბაშის კვანძით დაუკავშირდება გურიის ტერიტორიაზე მშენებარე ჩქაროსნულ საგზაო მონაკვეთებს და ერთიან მიმართულებად, დაფნართან შეუერთდება არსებულ გზას (წელს მოძრაობა ერთდროულად გაიხსნება ქუთაისის შემოვლითი-სამტრედიის გზის 9,5 კმ-იან და სამტრედია-გრიგოლეთის 2 კმ-იან მონაკვეთებზე).
აქამდე, გზა ბაშის კვანძიდან კოპიტნარის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით ფუნქციონირებდა (ქუთაისი-გეგუთი-იანეთი-ბაში-საყულიას გზა დროებით ასრულებდა ცენტრალური გზის ფუნქციას, რისთვისაც მისი რეაბილიტაცია განხორციელდა).
ახალი მონაკვეთების გახსნის შემდეგ კი მოძრაობა ზესტაფონიდან დაფნარამდე ახალი ჩქაროსნული გზითა და ბევრად უფრო მოკლე მარშრუტით იქნება შესაძლებელი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0