საჯარო ფინანსების მართვის კურსი ხელმძღვანელი პირებისთვის

05/04/2016

ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში დაიწყო სასწავლო კურსი „საჯარო ფინანსების მართვა“. პროგრამა შემუშავდა აკადემიასა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მმართველობის ქვეშ არსებულ სსიპ – საჯარო აუდიტის ინსტიტუტს შორის თანამშრომლობის ფარგლებში. კურსის ავტორების მიზანი იყო ქვეყნის საბიუჯეტო სისტემაში მომუშავე ფინანსური, ეკონომიკური და/ან ადმინისტრაციული მიმართულების ხელმძღვანელი პირებისთვის იმ სასწავლო პროგრამის შექმნა, რომელიც აამაღლებს მათ კვალიფიკაციასა და ყოველდღიური საქმიანობის ხარისხს.

ფინანსთა სამინისტროს აკადემიისა და საჯარო აუდიტის ინსტიტუტის ტრენერების ერთობლივი მუშაობის შედეგად მოხდა იმ აუცილებელი საკითხების გამოვლენა, რომელთა ცოდნა მნიშვნელოვანია საბიუჯეტო ორგანიზაციების სამსახურების კოორდინირებული და ეფექტიანი მუშაობისთვის.

სასწავლო კურსში მონაწილეობას იღებენ საქართველოს თითქმის ყველა სამინისტროს წარმომადგენლები.

საჭიროებებზე დაფუძნებული სასწავლო პროგრამა მოიცავს ათ მოდულს:
• საბიუჯეტო სისტემა და პროგრამული ბიუჯეტირება
• საფინანსო ეკონომიკური, სამეურნეო და საბუღალტრო საქმიანობა საბიუჯეტო ორგანიზაციებში
• სახელმწიფო შესყიდვები
• ფინანსური მოდელირება ექსელში
• საგადასახადო კანონმდებლობა
• ქონების მართვა
• მოძრავი ქონების მართვა/განკარგვა
• სახელმწიფო შიდა (ფინანსური) კონტროლი საჯარო მმართველობაში
• შიდა აუდიტის საფუძვლები
• საჯარო გარე აუდიტის საფუძვლები

Tweet about this on TwitterShare on Facebook0