საფრანგეთის ელჩი წეროვანის დევნილთა ჩასახლებას ესტუმრა

01/04/2016

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ საფრანგეთის ელჩს საქართველოში პასკალ მენიეს წეროვანის დევნილთა ჩასახლებაში უმასპინძლა.

მინისტრის მოადგილემ საფრანგეთის ელჩს დევნილთა გრძელვადიანი განსახლების მიმართულებით სამინისტროს მიერ განხორციელებული და მიმდინარე პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

გრიგოლ გიორგაძემ ასევე ისაუბრა იმ პროგრამების შესახებ, რომლებსაც იძულებით გადაადგილებულ პირთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ახორციელებს. მინისტრის მოადგილის განცხადებით, დევნილთა გრძელვადიანი განსახლების პარალელურად, სამინისტრომ დაიწყო ზრუნვა მათ დასაქმებაზეც.

წეროვანის დევნილთა ჩასახლების დათვალიერების შემდგომ, საფრანგეთის ელჩმა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებიც მოინახულა.

პასკალ მენიემ იძულებით გადაადგილებულ პირთა ჩასახლებების მონახულებისა და დევნილთა საცხოვრებელი პირობების ადგილზე გაცნობის სურვილი გასულ კვირას მინისტრ სოზარ სუბართან შეხვედრისას გამოთქვა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0