ოზურგეთში სახელწოდებით „ერთად ვებრძოლოთ ტერორიზმს“ აქცია გაიმართა

31/03/2016

ქალაქ ოზურგეთში თეატრალურ მოედანზე სახელწოდებით „ერთად ვებრძოლოთ ტერორიზმს“! აქცია გაიმართა, რომელიც ახალგაზრდული საკრებულოს ორგანიზებით მოეწყო. აქციის მონაწილეებმა ბოლო დროს გახშირებული ტერორისტული აქტები გააპროტესტეს.
„დღევანდელი აქციის მიზანი ტერორიზმთან ბრძოლა გახლავთ. ის, რომ ტერაქტები სხვა ქვეყნებში მოხდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენი პრობლემა არ არის. ახალგაზრდული ინიციატივებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ასევე მხარდაჭერაც, რომელსაც სამთავრობო უწყებებიდან ხშირად ვგრძნობთ. ხელისუფლების წარმომადგენლები დღეს ჩვენთან ერთად დგანან, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და დამატებითი სტიმულის მომცემია,“- განაცხადა ახალგაზრდული საკრებულოს თავმჯდომარემ, სალომე ვადაჭკორიამ.
აღნიშნულ აქციას უმრავლესობის ლიდერი საქართველოს პარლამენტში, ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატი ზვიად კვაჭანტირაძე, გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე, გუბერნატორის მოადგილე სოსო ერქომაიშვილი, ქალაქ ოზურგეთის მერი ბეგლარ სიორიძე, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები შეუერთდნენ.
„ დღეს ყველანი უნდა გავერთიანდეთ ტერორიზმის წინააღმდეგ. ტერორიზმი არ არის ერთი სახელმწიფოს პრობლემა, ეს ის დაავადება, რომელსაც მსოფლიო უნდა ებრძოდეს. ახალგაზრდები აქტიურად აპროტესტებენ ტერორიზმს და მათი ამ კუთხით ჩართულობა მისასალმებელია,“-აღნიშნა გია სალუქვაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0