“დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება უნდა ჩამოყალიბდეს, უნდა თუ არა რუსეთთან ნორმალური ურთიერთობა. ნინო ბურჯანაძის თქმით, მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის განცხადება და შერბილებულიც კი მოეჩვენა იმ ფონზე, როდესაც თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის მხრიდან რუსეთზე არაადეკვატური განცხადებები კეთდება.
“მიკვირს, რატომ გაუკვირდა ვინმეს კარასინის რეაქცია. რას ელოდებით, ბატონებო?! როდესაც რუსეთს ქვეყნის თავდაცვის მინისტრი ასეთი ტონით ელაპარაკება, რა ტონითაც ჩვენი თავდაცვის მინისტრი ლაპარაკობს, როდესაც ქვეყნის თავდაცვის მინისტრი ამბობს – რუსებს რა უნდა ველაპარაკოთ, როგორ შეიძლება მათთან ნორმალური ურთიერთობა, ეს ის ხალხია, რომელიც ლენინგრადის ბლოკადის დროს ძაღლებს, კატებსა და თაგვებს ჭამდნენო. როცა ასეთ შეურაცხყოფას მიაყენებ ერს, რომელმაც მილიონობით ადამიანი დაკარგა ლენინგრადის ბლოკადის დროს, ადამიანები მართლაც შიმშილით იხოცებოდნენ და მშობლებს იმის არჩევა უწევდათ, რომელი შვილისთვის მეტი საჭმელი მიეცათ, რომელს ჰქონდა მეტი შანსი გადარჩენის, ამას ვინ გაპატიებს?! კიდევ ძალიან თავშეკავებული რეაქცია აქვს რუსეთს”, – განაცხადა ბურჯანაძემ.
მისი განცხადებით, საქართველო უნდა ჩამოყალიბდეს, უნდა რუსეთთან ურთიერთობა, თუ არა.
“ქვეყანა, რომელიც ამბობს, რომ უნდა რუსეთთან ურთიერთობის დალაგება და ამ დროს, ჩვენი თავდაცვის მინისტრი აკეთებს განცხადებას, რომ დღევანდელი მსოფლიოს მთავარი გამოწვევა არის “ისლამური სახელმწიფო” და რუსეთიო, რას ელოდებით, ბატონებო, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან?! მიმაჩანია, რომ ნამდვილად თავშეკავებული განცხადებები გააკეთა ბატონმა კარასინმა და გაცილებით მწვავე განცხადებას გააკეთებდა მის ადგილზე სხვა. ჩვენ უნდა ჩამოვყალიბდეთ, გვინდა რუსეთთან ურთიერთობა, თუ გვინდა, ვეძახოთ რუსეთს “ისლამური სახელმწიფოსნაირი” საფრთხე”, – განაცხადა ბურჯანაძემ.