ანტიკორუფციულმა სააგენტომ სუს-ის უფროსის მოადგილის სახელით ჩადენილი თაღლითობის ფაქტი გამოავლინა

21/03/2016

ანტიკორუფციულმა სააგენტომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის სახელით ჩადენილი თაღლითობის ფაქტი გამოავლინა.

როგორც სუს-ში გამართულ პრესკონფერენციაზე აღინიშნა, მომხდართან დაკავშირებით ორი პირია დაკავებული.

“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ჯგუფურად თაღლითობის ფაქტზე საქართველოს მოქალაქეები ჯემალ დუაძე და გოგიტა დემეტრაშვილი დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ჯემალ დუაძემ გადაწყვიტა მოტყუებით დაუფლებოდა საქართველოს მოქალაქე ბეჟან დ-ს კუთვნილ ფულად თანხას, რა მიზნითაც 2015 წლის ზაფხულში ბეჟან დ-სთან, ანტიკორუფციული სააგენტოს სახელით, მიაგზავნა გამოძიებით დაუდგენელი პირი, რომელიც ბეჟან დ-ს გაეცნო დავით გიორგაძის გვარ-სახელით და განუცხადა, რომ მას თითქოსდა პრობლემები ჰქონდა ანტიკორუფციულ სააგენტოში, მის მიმართ დაწყებული იყო გამოძიება და საქმის მოგვარების სანაცვლოდ 50 000 აშშ დოლარის გადახდა მოსთხოვა. პარალელურად, ჯემალ დუაძე დაჟინებით ურჩევდა ბეჟან დ-ს მოთხოვნილი თანხის გადახდას, რომელიც მისი განმარტებით შემცირდა 30 000 აშშ დოლარამდე. აღნიშნული თანხის დაუფლების მიზნით ჯემალ დუაძე ასევე დაუკავშირდა ბეჟან დ-ს შვილიშვილს, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეს ბექა დ-ს, რომელსაც აუხსნა საქმის ვითარება და საკითხის მოგვარების სანაცვლოდ მასაც 30 000 აშშ დოლარის გადახდა მოსთხოვა. 2016 წლის 20 მარტს ჯემალ დუაძემ მის მიერ მოთხოვნილი 30 000 აშშ დოლარის თითქოსდა ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებისათვის გადაცემისა და საკითხის საბოლოოდ მოგვარების მიზნით, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეს ბექა დ-ს საქართველოში ჩამოსვლა და მასთან შეხვედრა მოსთხოვა. თავისი დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ჯემალ დუაძე დაუკავშირდა ნაცნობს, თაღლითობისთვის წარსულში ნასამართლევ გოგიტა დემეტრაშვილს, რომელსაც გაუმხილა თავისი ჩანაფიქრი და ერთად დაგეგმეს ბექა დ-სთვის მოტყუებით, თაღლითური გზით ზემოაღნიშნული თანხის გამორთმევა. კერძოდ, 2016 წლის 20 მარტს დაახლოებით 2 საათზე ჯემალ დუაძე ჩაფიქრებული გეგმის მიხედვით, თბილისის აეროპორტში დახვდა რუსეთის ფედერაციიდან ჩამოსულ ბექა დ-ს, წაიყვანა ის ქ. თბილისში, ავლაბრის მეტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე და შეახვედრა გოგიტა დემეტრაშვილს, რომელსაც ჯემალ დუაძემ წინასწარ უქირავა “მერსედეს შ-კლასის” მოდელის ავტომობილი. გოგიტა დემეტრაშვილმა ბექა დ-ს თავი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ იოსებ გოგაშვილად გააცნო და დაჰპირდა მისი პაპის ბეჟან დ-ს მიმართ თითქოსდა წარმოებული სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას, აგრეთვე მომავალში ყოველგვარი პრობლემების მოგვარებას. ამის შემდეგ, იმავე დღეს ჯემალ დუაძემ თითქოსდა იოსებ გოგაშვილისთვის გადასაცემად, ბექა დ-ს ქ. თბილისში, სასტუმრო “ჰოლიდეი ინნ”-ში მის მიერ მოთხოვნილი 30 000 აშშ დოლარი გამოართვა. ჯემალ დუაძე და გოგიტა დემეტრაშვილი მოთხოვნილი ზემოაღნიშნული თანხის გამორთმევის შემდეგ დააკავეს”, – აცხადებენ სუს-ში.

მათივე ინფორმაციით, გამოძიება ჯგუფურად თაღლითობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინაროებს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების 6-დან 9 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

“გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო. აქვე აღვნიშნავთ, რომ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენს მიერ გავრცელებულ ვიდეომასალასა და ტექსტში აღნიშნული პირების იდენტიფიცირება მოვახდინეთ. შესაძლოა დაკავებული პირების მიერ სხვა დაზარალებული მოქალაქეები არსებობდნენ, რომლებიც მათ ამოცნობას შეძლებენ”, – აღნიშნავენ უწყებაში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0