განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში თბილისისა და რუსთავის საჯარო სკოლების პედაგოგებთან შეხვედრა გაიმართა, რომლის მიზანი მასწავლებელთა საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დანერგვის საკითხებზე მსჯელობა იყო. სამუშაო შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი მასწავლებელთა თვითშეფასების კითხვარის ანალიზზე გაკეთდა. შეხვედრაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, მინისტრის მოადგილე ლია გიგაური და სახელმწიფო კომისიის წევრები მონაწილეობდნენ.
მასწავლებელთა საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დანერგვა 2015 წლის სექტემბრიდან დაიწყო. პირველი მნიშვნელოვანი ეტაპი თვითშეფასების კითხვარების შევსება იყო, რომლის საფუძველზეც, მასწავლებლებმა პროფესიული თვითშეფასება და ანალიზი განახორციელეს და განვითარების ინდივიდუალური გეგმები მოამზადეს.
სქემის მომდევნო კომპონენტებზე გადასვლამდე, რაც შიდა სასკოლო შეფასებებს გულისხმობს, მნიშვნელოვანია მასწავლებლების მხრიდან უკუკავშირის მიღება ისეთ საკითხებზე როგორიცაა: თუ რამდენად ეფექტური იყო თითოეული მასწავლებლისათვის კითხვარზე მუშაობა, რა იყო მათთვის განსაკუთრებულად რთული, როგორია პრაქტიკოსი ადამიანების რეკომენდაციები თვითშეფასების კითხვარის დახვეწასთან და განვითარებასთან დაკავშირებით.
შეხვედრაზე მინისტრმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა თითოეული პედაგოგისადმი მათი პროფესიული განვითარების პროცესში მხარდაჭერა. აღნიშნა, რომ სქემა სწორედ მათი დახმარებით, მათი უკუკავშირის საფუძველზე უნდა განვითარდეს და დაიხვეწოს.
მასწავლებელთა საქმიანობის დაწყების პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიზანი არის მასწავლებლების მრავალმხრივი შეფასება, მათი პროფესიული და კარიერული წინსვლის ხელშეწყობა.