ვაშინგტონში, ოფიციალური ვიზიტის დასასრულს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა “ამერიკის ხმას” ინტერვიუ მისცა.
ინტერვიუს დასაწყისში მან ანაკლიის პორტის მნიშვნელობასა და საუკეთესო ინფრასტრუქტურული პროექტის ჯილდოზე ისაუბრა, რომელიც ამ პროექტს ვაშინგტონში გადაეცა.
ვიცე-პრემიერმა, აქვე, სხვა დიდ ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც ისაუბრა, რომელთა განხორციელება უახლოეს მომავალში იგეგმება. მან განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო სატრანსპორტო ინფრასტრუქტურულ ინიციატივებს, მათ შორის, აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალს. მისი თქმით, მაგისტრალის ღირებულებაა 3.1 მილიარდი დოლარი, პროექტის მესამედი აშენებულია, სამუშაოების დასრულება კი 2020 წლისთვის იგეგმება.
ვიცე-პრემიერმა, საქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიანი ინიციატივა ახსენა. ინიციატივის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია რეგიონული განვითარება, რაც რეგიონების ძირითადი დამაკავშირებელი ავტომაგისტრალების მშენებლობას გულისხმობს. დაგეგმილ პროექტებს შორისაა მცხეთა-ლარსის, ქუთაისი-მესტიისა და ქუთაისი-აბასთუმნის გზების მშენებლობა. ქუმსიშვილის განცხადებით, “ახალი გზები ბევრად გააიოლებს გადაადგილებას და რეგიონებში ეკონომიკის განვითარებას შეუწყობს ხელს.”
სატრანსპორტო ინფრასტრუქტურულ პროექტებს შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს რკინიგზის მოდერნიზაციას. ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, რომ რკინიგზის განახლებისათვის 290 მილიონი შვეიცარიული ფრანკია გათვალისწინებული, საიდანაც 90 მილიონი ფრანკი უკვე ინვესტირებულია.
მან ცალკე აღნიშნა ბაქო-თბილისი-მარაბდა-კარწახის სარკინიგზო პროექტი. ” 775-მილიონიანი პროექტის საქართველოს მონაკვეთის მშენებლობა დასრულებულია და „ველოდებით თურქეთის მხარეს,“-დასძინა მან.
ვაშინგტონის ჰერიტიჯის ფონდი ეკონომიკური თავისუფლების ყოველწლიური ინდექსის ერთ-ერთი თანაავტორია. თუ რა რეკომენდაციები გაჟღერდა ფონდში შეხვედრისას, როგრ იყო აღქმული ქართულ ეკონომიკაში არსებული მდგომარეობა და გამოწვევები, მინისტრმა გვიპასუხა, რომ 2012 წლის შემდეგ ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში საქართველოს პოზიციები საგრძნობლად გაუმჯობესდა, მაგრამ ის ჯერ კიდევ ჩამორჩება საშუალო ევროპულ მაჩვენებელს. ჰერიტიჯის ფონდში გამართული შეხვედრისას საკუთრების დაცვის მიმართულებით საქართველოში უკვე გატარებული და მიმდინარე რეფორმები, ასევე მონეტარული თავისუფლებისა და საბანკო სექტორში არსებული კონკურენციის საკითხები.
რაც შეეხება საქართველოს ეკონომიკის განვითარების პერსპექტივებს, მინისტრმა ეს პროცესი და არსებული ტენდენციები ასე დაახასიათა:
საქართველოს მთავრობა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდას ყველაზე მეტად ეკონომიკის ტრადიციულ სექტორში, ტურიზმში ელოდება. მინისტრმა ქუმსიშვილმა აღნიშნა, რომ ტურიზმის წილი საქართველოს ეკონომიკაში ძალიან დიდია. ტურიზმიდან ქვეყნის შემოსავალი 1.8 მილიარდ დოლარს აღწევს, ამ სექტორში დასაქმებული მოქალაქეების რიცხვი კი 180,000 აჭარბებს. მინისტრის თქმით, ბოლო ორ წელიწადში საქართველოში დიდი და მცირე ზომის 70-ზე მეტი სასტუმრო გაიხსნა და მოსალოდნელია, რომ ამ მიმართულებით ინვესტიციების შემოდინება გაგრძელდება.
დიმიტრი ქუმსიშვილის ინტერვიუ ,,ამერიკის ხმასთან”
16/03/2016