დღევანდელი ხელისუფლების გარკვეული შტოდან მოდის ეს თავდასხმა

12/03/2016

თუ მოინდომებენ, ამ დანაშაულის გამოძიება შესაძლებელია, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ. მისი შეფასებით,
დღეს ძველი, 90-იანი წლების საქართველო პროგრესულ საქართველოს უპირისპირდება.

“მე მოვითხოვ დამნაშავეები უმკაცრესად დაისაჯონ არა იმიტომ, რომ ეს იყო ჩემი პოლიტიკური პარტის წინააღმდეგ მიმართული ქმედება – ვიღაცას აღელვებს რეიტინგი, რომელიც იზრდება, ვიღაცას აღელვებს ხალხთან ჩვენი ურთიერთობა, თუმცა ეს ჩემთვის დღეს მეორე და მეათეხარისხოვანია. აქ არის საუბარი, როგორი საზოგადოება გვინდა ავაშენოთ და ამ საზოგადოებაში, რომელიც გვინდა, რომ პროგრესული იყოს, ასეთ ფაქტებს ადგილი არ უნდა ჰქონდეს. ეს არის 90-იანი წლების დაპირისპირებული მენტალიტეტის ადამიანების მიერ გადადგმული ნაბიჯი, რომელიც ჩარჩენილია იმ პერიოდში, როცა ერთამენთს ზურგში დანას ვურტყამდით ანუ ძველი საქართველო ებრძვის დღეს პროგრესულ საქართველოს. დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს დადგენა, ვის ხელშია დღეს მოქალაქეების პირადი ცხოვრების ამსახველი მასალები. ამის დადგენა თუ მოინდომებს პრემიერ-მინისტრი, შესაძლებელია”, – განაცხადა ალასანიამ.
მისივე შეფასებით, ის რაც მოხდა, მისი პარტიის წინააღმდეგ მიმართული აშკარა პოლიტიკური ბრძოლის ნაწილია.
“ჩვენ ვნახეთ, რომ ცოტა ხნის წინ ტყვიებით და ჩაქუჩებით გაუსწორდნენ ალექსი პეტრიაშვილს. ახლა მორალური მკვლელობა იყო დაგეგმილი ჩვენი ერთ-ერთი ლიდერის წინააღმდეგ. ეს არის აშკარა პოლიტიკური ბრძოლა და იმ დანაშაულებრივმა ჯგუფმა, ვინც ეს გააკეთა, გადალახა ყველა ზღვარი, წითელი ხაზი. ამიტომ ჩვენ უნდა გვქონდეს ადეკვატური პასუხი, მოხდეს დამნაშავის დაკავება და კანონის მთელი სიმკაცრით დასჯა. ეს არის ტესტი არა მარტო სამართალდამცავი სისტემის, არამედ ტესტი ახალი პრემიერ-მინისტრისთვისაც. მე შემიძლია დანამდვილებით გითხრათ, რომ ხელისუფლებაში, მათ შორის სამართალდამცავ სტრუქტურებში და ეს ჩანს ღიად, არის ჯგუფი, რომელიც არ იმართება პრემიერისგან და იმართება არაფორმალურად სხვა პირების მიერ. მე დიდი ეჭვი მაქვს, რომ სწორედ აქედან შეიძლებოდა ეს მზაკვრული ნაბიჯი გადამდგარიყო.ლოგიკურად, ხელისუფლებას აქვს მხოლოდ და მხოლოდ შეღწევა ასეთ მასალებთან. ასევე შეიძლება ეს ყოფილიყო ძველი ხელისუფლების მიერ ტირაჟირებული, მაგრამ მე შინაგანად მგონია, რომ სწორედ დღევანდელი ხელისუფლების გარკვეული შტოდან მოდის ეს თავდასხმა “, – განაცხადა ალასანიამ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0