აფხაზებს, ოსებსა და ქართველებს საბოლოო ჯამში ერთად მოუწევთ ცხოვრება

08/03/2016

საქართველოს დღევანდელი დანაწევრება დროებითია და აფხაზებს, ოსებს და ქართველებს საბოლოო ჯამში ერთად მოუწევთ ცხოვრება. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ცალ-ცალკე უკუსვლის გზას დაადგებიან, – ამის შესახებ აშშ-ს კარიერული ელჩი და სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილე ტომას პიკერინგი აცხადებს. ყოფილი მაღალჩინოსანი ამბობს, რომ თბილისმა რუსეთთან ურთიერთობაში სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს და დამოუკიდებელი ეკონომიკური პოლიტიკა აწარმოოს.

“ჩემი აზრით, 2008 წლის კონფლიქტის შემდეგ საქართველო რუსეთთან ფრთხილად და სწორად ურთიერთობს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ საქართველომ რუსეთის ყველა სურვილს თავი უნდა დაუხაროს. ამავდროულად, რუსეთთან ურთიერთპატივისცემით სავსე ურთიერთოებები უნდა დაამყაროს. საქართველო ძალიან მრავალფეროვანი ქვეყანაა. თბილისმა უნდა მონახოს გზა, რომელიც საკუთარი მრავალფეროვნების სიძლიერის გამოყენების საშუალებას მისცემს ძლიერი დემოკრატიის შესაქმნელად. ჩემი აზრით, საქართველო ამას ცდილობს. საქართველოს დიდი ძალა აქვს. ასევე დიდი ძალა აქვს ქართულ ნაციონალიზმს. თუმცა უფრო მეტ ძალას მას ეკონომიკურად წარმატებული ქვეყნის აშენება მისცემს. საქართველომ აფხაზებსა და ოსებს ალტერნატივა უნდა შესთავაზოს – ეკონომიკური და ლინგვისტური ალტერნატივები. ჩემი აზრით, საქართველოს დღევანდელი დანაწევრება დროებითია და აფხაზებს, ოსებსა და ქართველებს საბოლოო ჯამში ერთად მოუწევთ ცხოვრება. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ცალ-ცალკე უკუსვლის გზას დაადგებიან. საქართველოს გაერთიანება, ჩემი აზრით, ქართველების სტრატეგიული მიზანია. მაგრამ ეს სამხედრო ძალით არ მოხდება. საქართველომ ხალხს აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში უნდა დაანახოს, რომ მათთვის ნამდვილი ალტერნატივა თბილისია და არა მოსკოვი”, – განაცხადა პიკერინგმა.
პიკერინგი ფიქრობს, რომ საქართველოს ნატო-ში ან ევროკავშირში გაწევრიანება ქვეყნის გაერთიანებას არ წაახალისებს. “არ მგონია. ამის გაკეთება ძლიერ, მზარდ, წარმატებულ ქართულ ეკონომიკას შეუძლია. გარშემო მცხოვრები ადამიანები იმას შეხედავენ რამდენადაა საქართველო დარწმუნებული საკუთარ შესაძლებლობებში და ამ თვითდარწმუნების მოტანა მხოლოდ შენებას და ზრდას შეუძლია”, – აღნიშნა პიკერინგმა.

მისივე თქმით, რუსეთს მიაჩნია, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში გარკვეული როლის შესრულება ევალებათ.

“მათთვის ეს როლი არავის მიუნიჭებია, მაგრამ მათ თვითნებურად “მშვიდობისმყოფელების” ვალდებულება აიღეს და შემდეგ გადაწყვიტეს სამხედრო ძალა გამოეყენებინათ”, – განაცხადა პიკერინგმა.

თუ რატომ არ გადადგა დასავლეთმა მკაცრი ნაბიჯები კრემლის წინააღმდეგ საქართველოში ძალის გამოყენების შემდეგ და რატომ არ დაწესდა ეკონომიკური სანქციები ისე, როგორც ეს უკრაინის შემთხვევაში მოხდა, ამერიკელი დიპლომატის განცხადებით, ეს ორმა მიზეზმა განაპირობა:

“ერთი იყო ის, რომ სიტუაცია სტატუს ქვოში მალევე გადაიზარდა და მეორე კი ის, რომ გაეროს უშიშროების საბჭოში სანქციების გასვლის შანსი არ იყო იმის გამო, რომ იქ რუსეთს ვეტოს ძალა აქვს. ჩემი პირადი აზრია, რომ დასავლეთ ევროპაში და შეერთებულ შტატებში ფიქრობენ, რომ სანქციები საქართველოს და დასავლეთს უფრო მეტ ზიანს მიაყენებდა, ვიდრე რუსეთს. გარკვეულწილად, კი. დასავლეთ ევროპას – და შედარებით ნაკლებად, ამერიკას – რუსეთში დიდი ინვესტიციები აქვთ ჩადებული. ამის გამო, სანქციების ომი, მათი აზრით, კრგად არავისთვის დასრულდებოდა. ისეთი სანქციები რომ დაეწესებინათ, რომლითაც საკუთარ ინტერესესბს დაიცავდნენ, მაშინ სანქციები არაეფექტური იქნებოდა. საინტერესო ის არის, რომ უკრაინის შემთხვევაში სანქციები კონკრეტული სამიზნეების წინააღმდეგ დაწესდა. ის პრობლემები, რომლებსაც რუსეთის ეკონომიკა დღეს განიცდის უფრო ნავთობის ფასების ვარდნას უკავშირდება, ვიდრე სანქციებს. რუსეთის ლიდერებმა ვერ შეძლეს ეკონომიკის დივერსიფიცირება და ეს რუსი ხალხისთვის ტრაგედიაა”, – აღნიშნა პიკერინგმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0