„დიდია იმის შანსი, რომ ამ არჩევნებში გავიმარჯვოთ. დიდი მნიშვნელობა აქვს საარჩევნო კამპანიას, თუმცა 2016 წელს ჩვენ არჩევნებს გამარჯვებით დავასრულებთ. ერთადერთი ძალა, რომელსაც შეუძლია, ქვეყანა ამ კრიზისიდან გამოიყვანოს, ვართ ჩვენ. გვაქვს გამოცდილება და ვისწავლეთ საკუთარ შეცდომებზე”, – ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის წევრი გიორგი ვაშაძე გაზეთ „ახალ თაობასთან” საუბრობს.
ამ განცხადებასთან დაკავშირებით prof-news-ს ექსპერტი სოსო ცინცაძე ესაუბრა. მისი თქმით, ვაშაძე შეიძლება ძალიან კარგი მენეჯერია, მის სახელთან რამდენიმე წარმატებული პროექტია დაკავშირებული, მაგრამ, როგორც ჩანს, ცუდი პოლიტიკოსი ყოფილა, რადგან ამ განცხადების შემდეგ, ნაცების მოწინააღმდეგეები უფრო მობილიზდებიან.
„ეს ჩვეულებრივი მოვლენაა პარტიისთვის ან პოლიტიკოსისთვის, რომლის გამარჯვების შანსი ნულის ტოლია. მახსოვს, მერის არჩევნებზე უმრავლესობაზე განაწყენებული ერთ-ერთი ლიდერი როგორ აცხადებდა, მეორე ტურში მე და ნარმანია გავდივართ და საბოლოოდ მე გავიმარჯვებო, ირწმუნებოდა. ასეთ განცხადებას სერიოზული მედიასაშუალებები ყურადღებას არ უნდა აქცევდნენ. „ნაციონალურ მოძრაობას” გამარჯვების არანაირი შანსი არ აქვს.
ნაცები ახალ პარლამენტში წარმომადგენლობას ამ დონით ვერ შეინარჩუნებენ. დღეს უნდა იფიქრონ იმაზე, რომ საერთოდ არ გაქრენ პოლიტიკური არენიდან, მაგრამ მათ ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ძალიან კარგი პრეცედენტი შექმნეს, მხოლოდ პრეცედენტი. საქართველოში მმართველი პარტია არჩევნებში პირველად დამარცხდა და არ გაქრა პოლიტიკური პოდიუმიდან. მათ პარლამენტში ჰყავთ სოლიდური წარმომადგენლობა და მხარდამჭერები, რომლებიც უზრუნველყოფენ მათ გასვლას პარლამენტში. ისინი მსგავს განცხადებებს საზოგადოებაზე ფსიქოლოგიური ზემოქმედებისთვის აკეთებენ, თუ, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ვინმეზე იმოქმედებს. ამ განცხადების შემდეგ, ვფიქრობ, ნაცების მოწინააღმდეგეები უფრო მობილიზდებიან. ვაშაძე შეიძლება ძალიან კარგი მენეჯერია, მის სახელთან რამდენიმე წარმატებული პროექტია დაკავშირებული, მაგრამ, როგორც ჩანს, ცუდი პოლიტიკოსი ყოფილა”, – განაცხადა ცინცაძემ.