„ჩვენ და ჩვენს ევროპელ ოპონენტებს ამ შემთხვევაში გვაქვს ცნობიერებითი კონფლიქტი, და ასეთი განცხადება ზრდილობამოკლებულად გამოიყურება ქართველი საზოგადოების მიმართ”, – ასე ეხმაურება „ქართული დასის” ლიდერი ჯონდი ბაღათურია prof-news-თან ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტს, სადაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიძულვილის ენით საუბარშია დადანაშაულებული.
„ამ განცხადებას მათი ცნობიერების თავსმოხვევად აღვიქვამ. ჩვენ საკუთარი შეხედულებები გვაქვს. ჰომოსექსუალიზმი ნამდვილად არის პათოლოგია, საუკუნეების განმავლობაში ასე მიიჩნეოდა და ასე ითვლება ჩვენთან ახლაც. ევროპელებმა ეს აზრი დაახლოებით 2000 წელს შეიცვალეს, როდესაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ პათოლოგიების ჩამონათვალიდან ჰომოსექსუალიზმი ამოიღო, ე.ი. გამოდის, რომ აქამდე ისინიც სიძულვილის ენით საუბრობდნენ… ჩვენ ხომ არ ვამბობთ, რომ ვინმეს უნდა ვდევნიდეთ, პირიქით, მართლმადიდებლობა გვასწავლის, ადამიანების მიმართ ლმობიერები ვიყოთ, მაგრამ თვითონ ჰომოსექსუალიზმის მიმართ ლმობიერები და შემწყნარებლები ვერ ვიქნებით. ჰომოსექსუალიზმის მიმართ შემწყნარებლობა ნიშნავს ჰომოსექსუალობას. ეს განცხადება არის ევროპის სირცხვილი და იმის მაჩვენებელი, რომ ევროპა სრული დეგრადაციის გზაზეა.
ევროპელებმა უნდა გაიგონ, რომ ჩვენ და ისინი სხვადასხვა საზოგადოება ვართ, ჩვენ სხვანაირად ვვითარდებოდით. მაგალითად, როდესაც საუკუნეების განმავლობაში ევროპაში ინკვიზიციის კოცონი ენთო, ასეთი რამ საქართველოში არ ყოფილა. ბართლომეს ღამე ევროპის სირცხვილი იყო. როგორც ჩანს, ევროპელების ნაწილს ახასიათებს ეს კატეგორიულობა, რაც მაღალი ჭკუის მაჩვენებელი არ არის, ვგულისხმობ ნაწილს და არა მთელ ევროპას. ასეთი კატეგორიულობის შედეგი იყო ინკვიზიაცია, ასეთი კატეგორიულობის შედეგი იყო ჯვაროსნული ომები, ასეთმა კატეგორიულობამ მოიტანა ბართლომეს ღამე, ჩვენ ეს არ გვახასიათებს. ეს უნდა გაიგონ მათ, ჩვენთან არც ბართლომეს ღამე ყოფილა, არც ინკვიზიციის კოცონი დანთებულა, გვერდი-გვერდ იდგა სხვადასხვა აღმსარებლობის საკულტო ნაგებობები, იქ დასარბევად არავინ შევარდნილა, ასეთი შემთხვევა არსად წერია. ჯვაროსნული ომები როცა მიმდინარეობდა, იმ პერიოდში ჩვენც ვაწარმოებდით დაპყრობით ომებს, შეიძლება ეწეროს, რომ ქართულმა ლაშქარმა აიღო რომელიღაც ციხესიმაგრე, მაგრამ ისტორიაში არსად წერია, რომ ქართულმა ჯარმა როდესმე ვინმე გასხვავებული რელიგიის გამო დასაჯა.
საქართველოს პატრიარქის დადანაშაულება სიძულვილის ენით საუბარში, არის უკიდურესი უგუნურების, უკიდურესი თავხედობის და უკიდურესი უზრდელობის მაჩვენებელი. ეს არის შეურაცხმყოფელი განცხადება ქართველი საზოგადოების მიმართ. ეს არის სწორედ ქსენოფობიური განცხადება”, – აცხადებს ჯონდი ბაღათურია.
შეგახსნებეთ, რომ ევროპული კომისიის შეფასებასა და რეკომენდაციებში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე დადანაშაულებულია სიძულვილის ენით საუბარში, რადგან მან ლგბტ ღონისძიებებს „ქართველი ერის შეურაცხყოფა”, ჰომოსექსუალიზმს კი „დაავადება” უწოდა.