ჩემთვის, როგორც იურისტისთვის, საკითხი იმის შესახებ, რომ ქორწინება ქალის და მამაკის ერთობაა, არ არსებობს

08/03/2016

ჩემთვის, როგორც იურისტისთვის საკითხი იმის შესახებ, რომ ქორწინება ქალისა და მამაკაცის ერთობაა, არ არსებობს, ეს კითხვა არ არსებობს, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომლის თანახმადაც, ქორწინება ეს არის ქალისა და მამაკაცის ერთობა. როგორც ხიდაშელმა აღნიშნა, ამ თემასთან დაკავშირებით გუშინ იყო პრემიერ-მინისტრის განცხადება და შესაბამისად, მთავრობის წევრებისთვის რაიმე განსაკუთრებული არ ხდება. მინისტრის თქმით, ეს არის კოალიციის ლიდერის პოზიცია, მისი დამოკიდებულება, მისი განცხადება და არჩევანი. როგორც თინა ხიდაშელმა აღნიშნა, ის არ იცნობს კოალიცია “ქართულ ოცნებაში” არც ერთ პოლიტიკურ პარტიას, ვისაც განსხვავებული პოზიცია აქვს.

“მე არ ვიცნობ არც ერთ პოლიტიკურ პარტიას კოალიცია “ქართულ ოცნებაში”, ვისაც განსხვავებული პოზიცია აქვს. შეიძლება ტაქტიკაზე ვერ ვთანხმდებოდეთ, ვიღაც ფიქრობდეს, რომ თუ ასეთ თემას იწყებ, ის ბოლომდე უნდა მიიყვანო. ამ პარლამენტში, ამ უმრავლესობის პირობებში, მე ცოტა სირთულეებს ვხედავ, მაგრამ იმედია, რომ ეს პროცესი წარმატებით დასრულდება”, – განაცხადა ხიდაშელმა.

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით “რესპუბლიკური პარტიის” განსხვავებული პოზიცია ხომ არ დაარღვევს კოალიციის ერთობას, თინა ხიდაშელმა აღნიშნა, რომ კოალიციაში არ არის განსხვავებული აზრი და ამაზე პრემიერმაც და პარლამენტის თავმჯდომარემაც განცხადებები გააკეთეს.

“მე მესმის, რომ საქართველოში წაკითხულის შინაარსის დიდი პრობლემაა, მაგრამ კიდევ ერთხელ ხაზგასმით გეუბნებით, რომ ნუ მოიგონებთ ზღაპრებს, ნურც ვინმეს დავალებით, ნურც რაიმე სხვა მოსაზრებით. არავითარი განსხვავება არ არის და “რესპუბლიკურმა პარტიამ” გუშინ განცხადება გამოაქვეყნა ამის შესახებ, ვიდრე იქნებოდა კოალიციური განცხადება, რომელშიც ცალსახად წერია, რომ ქორწინება არის ქალისა და მამაკაცის ერთობა და წერტილი. არ არსებობს არავითარი განსხვავებული აზრები. შეეცადეთ დარჩეთ საკუთარი ქვეყნის სამსახურში ერთი მხრივ და ნუ შექმნით ხელოვნურ დაძაბულობას იქ, სადაც ის არ არსებობს”, – განაცხადა მინისტრმა.

რამდენად ხედავს ის აუცილებლობას, რომ აღნიშნული საკითხი კონსტიტუციაში იქნას შეტანილი, თინა ხიდაშელმა განაცხადა, რომ ის როგორც იურისტი ფიქრობს, რომ ეს საკითხი სამართლებრივად დარეგულირებულია.

“თუ არსებობს ჩვენს საზოგადოებაში ადამიანები, კრიტიკული მასა, რომელიც თვლის, რომ უფრო მეტი მტკიცებულებები სჭირდებათ, ასეთი მტკიცებულებები შეიძლება შეიქმნას. ჩემთვის, როგორც იურისტისთვის, საკითხი იმის შესახებ, რომ ქორწინება ქალის და მამაკის ერთობაა, არ არსებობს. ეს კითხვა არ არსებობს, აქ არავითარი განსხვავებული აზრები არ არსებობს, ასე რომ ყველაფერი მარტივადაა”, – განაცხადა ხიდაშელმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0