„ერთიანი ნაციონაური მოძრაობის“ დეპუტატ გივი თარგამაძის განცხადებით, ენერგეტიკის სამინისტრომ, მილიონზე მეტი დოლარი მიიღო ცნობილ კრიმინალ დავით ქარსელაძისგან.
“კონკრეტული შეკითხვები მაქვს ვიცე-პრემიერთან – მაქვს კონკრეტული დოკუმენტი, სადაც ჩანს, რომ რუსული ბანკის ფილიალიდან ენერგეტიკის სამინისტროსთვის გადმორიცხულია 1 100 000 დოლარი, მიზანში მითითებულია მშენებლობა, ხოლო ფულს რიცხავს ვინმე დავით ქარსელაძე. გარანტორი არის სწორედ ვიცე-პრემიერის პირადი ფირმა “კალა კაპიტალი”. რაც შეეხება დავით ქარსელაძეს, ის არის ცნობილი კრიმინალი მეტსახელად “კალატოზა”, რომელიც შევარდნაძის დროს ფლობდა და არეკეტებდა სამარშრუტო ტაქსებს, როგორც თბილისში, ასევე უმეტეს რაიონებში.
მიუხედავად იმისა, რომ ის ძებნილის სტატუსით იმყოფებოდა, მშვიდად დააბიჯებდა რუსთაველის გამზირზე, სადაც ერთ-ერთ ბანკს არეკეტებდა და სარგებლობდა უმაღლესი მფარველობით. “ვარდების რევოლუციის” შემდეგ მისი “მოღვაწეობა” აღიკვეთა, მან სასჯელი მოიხადა და შემდეგ გადავიდა საცხოვრებლად რუსეთში, დღეს კი სოჭში ცხოვრობს.
კითხვაა შემდეგი – რა მშენებლობაზეა საუბარი? რა შეთანხმებაზე კრიმინალთან? რა წარმომავლობის ფულია – კრიმინალური ობშიაკი თუ რუსული სპეცსამსახურების? რამდენად იღებს კალატოზა აქედან სარგებელს და რამდენადაა დაკავშირებული ამასთან კალაძის მიერ ორგანიზებული ზონდერჯგუფების შექმნა?!
იმედს გამოვთქვამ, რომ კახა კალაძე აღნიშნულ შეკითხვებს ხვალ პარლამენტში გამართულ საკომიტეტო მოსმენაზე პასუხს გასცემს. “