კანის ფესტივალზე წარდგენილი ფილმი საქართველოში პორნოგრაფიად მიიჩნიეს – შსს-მ გამოძიბა დაიწყო

05/03/2016

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ კინორეჟისორ გასპარ ნოეს ფილმი Love პორნოგრაფიას მიეკუთვნება.

უწყებამ კინოსურათის გავრცელებაზე გამოძიებაც კი დაიწყო, შსს-ს არგუმენტად ფილმზე ჩატარებული ექსპერტიზა მოჰყავს.

“კანონის მოთხოვნების შესაბამისად, შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოში, შემოსული ინფორმაციის საფუძველზე, დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ-ს 255-ე მუხლით კონკრეტული საიტების მეშვეობით პორნოგრაფიული მასალების გავრცელების ფაქტზე.

საქართველოში აკრძალულია პორნოგრაფიის შემცველი მასალის გავრცელება. შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებულია, დაიცვას და აღასრულოს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა.

ამასთან, კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის “ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” რეგლამენტის 109-ე მუხლის მე-11 ნაწილის მიხედვით, “მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურეობის მიმწოდებელი პირი სამაუწყებლო პაკეტში მოზრდილთათვის განკუთვნილი სამაუწყებლო არხის (მათ შორის, პორნოგრაფიული) განთავსების შემთხვევაში, ვალდებულია აღნიშნული სამაუწყებლო არხი განათავსოს კოდირებული ფორმით“.

გამოძიების მიერ, სამართლებრივი წესის შესაბამისად, დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზები და შსს-ს მიეწოდა დასკვნა, რომ აღნიშნული ფილმები (მათ შორის, გასპარ ნოეს “love”) მიეკუთვნება პორნოგრაფიას.
ამჟამად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

აღსანიშნავია, რომ დაცვის მხარეს (გამავრცელებლებსა და მათ ადვოკატებს) უფლება აქვთ, დანიშნონ ალტერნატიული ექსპერტიზა”- ნათქვამია მღებრიშვილის უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შსს-ს განცხადებას საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის გამგეობის წევრი გიორგი მშვენიერაძე გამოეხმაურა.

იურისტის თქმით საქართველოს არცერთი საკანონმდებლო აქტი არ ადგენს პორნოგრაფიის ცნებას.

“დემოკრატიულ სახელმწიფოში ვინმეს პასუხისგებაში მიცემა ან სხვა სახის სასჯელის დაწესება პორნოგრაფიის გავრცელებისათვის, ეწინააღმდეგება გამოხატვის თავისუფლების სტანდარტებს” – აცხადებს მშვენიერაძე.

მისივე თქმით, სახელმწიფომ შესაძლოა დააწესოს შეზღუდვები, როდესაც საქმე ეხება ბავშვთა პორნოგრაფიას.

“ის, რომ ადამიანი დასაჯო პორნოგრაფიის გაზიარებისათვის, არალოგიკური და არაკონსტიტუციურიცაა” – აცხადებს მშვენიერაძე.

“სიყვარული ბოროტებაზე და სიკეთზე მეტია. სიყვარული – ეს გენეტიკური მოთხოვნილებაა. ეს ძღვენიცაა და წყევლაც. სიყვარული – ავადმყოფობაა, ნარკოტიკია. სიყვარული – ყველაზე მშვენიერი და ყველაზე საშინელი გრძნობაა ჩვენს ცხოვრებაში. სწორედ ამ ყველაფრის გადმოცემას ცდილობს რეჟისორი ფილმში, რომელიც ერთი ახალგაზრდა კაცის და ორი გოგოს სიყვარულისა და ვნების ისტორიაა”- წერია 2015 წელს გადაღებულ ფილმში.

აღსანიშნავია, რომ გასპარ ნოეს ფილმი Love კანის ფესტივალზე იყო ნომინირებული. ის ასევე აჩვენეს ბათუმის კინოფესტივალზე.

ცნობისთვის, ფილმი რუსეთშიც აკრძალეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0