ქრთამის აღების ფაქტზე დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავეს

02/03/2016

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს და შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საავიაციო უშიშროების სამმართველოს მეორე განყოფილების უფროსის მოადგილე გიგა კიკნაველიძე დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ გიგა კიკნაველიძემ, მოქალაქეს 50 000 აშშ დოლარის ღირებულების ოქროს ნივთების თბილისის საერთაშორისო აეროპორტის საკონტროლო-გამშვები პუნქტის გვერდის ავლით გატანის სანაცვლოდ 5000 ლარი მოსთხოვა.

გიგა კიკნაველიძემ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქრთამის სახით მის მიერ მოთხოვნილი 5000 ლარი აიღო, რა
დროსაც იგი ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით). გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0