საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ნინო გვენეტაძემ, საფრანგეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს თავმჯდომარესთან – გუიდო რაიმონდთან შეხვედრა გამართა. ნინო გვენეტაძემ შეხვედრაზე ისაუბრა მართლმსაჯულების მესამე ტალღის ფარგლებში დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებზე, განსაკუთრებით აღნიშნა სარეფორმო წინადადება, რომელიც უკავშირდება საერთო სასამართლოებში საქმეთა ელექტრონული და შემთხვევითი განაწილების “რენდომ” პროექტის დანერგვას. აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს სამართალწარმოების მიუკერძოებლად, გამჭვირვალედ და ეფექტურად წარმართვას.
მათივე ცნობით, უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ რეფორმის ფარგლებში, მოსამართლეთა ანგარიშვალდებულების დასახვეწად ეფექტური და ქმედითი მექანიზმების შემოღებაა დაგეგმილი კონკრეტული ინსტიტუტების – “დამოუკიდებელი ინსპექტორისა” და “მენეჯმენტის დეპარტამენტის” სახით.
შეხვედრაზე მსჯელობა წარიმართა ასევე მოსამართლეთა დატვირთულობის, სამართალწარმოების ეფექტიანობის და მოსამართლეთა კვალიფიკაციის მუდმივი ამაღლების საკითხებზე. ნინო გვენეტაძემ გუიდო რაიმონდს ინფორმაცია მიაწოდა, რომ ამ ეტაპზე ევროპის საბჭოს ექსპერტების მონაწილეობით მიმდინარეობს მუშაობა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების ქართული ელექტრონული საძიებო სისტემის დახვეწის მიზნით, ევროსასამართლოს ელექტრონული საძიებო სისტემის (HUDOC-ის) ტექნიკური მახასიათებლების გათვალისწინებით. დასასრულს მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ ურთიერთთანამშრომლობა კიდევ უფრო ინტენსიურად გაგრძელდება, მით უფრო, რომ ევროკონვენციის მე-16 ოქმის ამოქმედების შემდეგ, უზენაეს სასამართლოს, როგორც უმაღლეს და საბოლოო ინსტანციის სასამართლოს შესაძლებლობა მიეცემა, საკონსულტაციო დასკვნისთვის მიმართოს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი კონსტანტინე კორკელია და ევროსასამართლოს მოსამართლე ნონა წოწორია.