გიორგი კვირიკაშვილი საერთაშორისო სავაჭრო პალატის მე-11 საკონსულტაციო საბჭოს შეხვედრას დაესწრო

28/01/2016

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საერთაშორისო სავაჭრო პალატის მე-11 საკონსულტაციო საბჭოს შეხვედრას დაესწრო.
ღონისძიება სასტუმრო “ჰოლიდეი ინნში” გაიმართა და მას პრემიერ-მინისტრთან ერთად ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილიც ესწრებოდა. გიორგი კვირიკაშვილმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.როგორც პრემიერმა ჟურნალისტებს განუცხადა, მან ღონისძიებაზე შეკრებილებს დეტალურად გააცნო, თუ რას გეგმავს ხელისუფლება უახლოეს მომავალში; გააცნო საგადასახადო ადმინისტრირების რეფორმა, დამწყები ბიზნესის დაფინანსების მექანიზმები, ასევე მმართველობითი რეფორმა, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარებისა და საგანმანათლებლო სისტემის რეფორმა.
“რაც შეეხება კითხვებს, ეს იყო სხვადასხვა სახის. იყო საუბარი სხვადასხვა შეთავაზებაზე, რომ საგადასახადო სისტემაში სხვადასხვა საკითხი შეიცვალოს, მათ შორის საგადასახადო ადმინისტრირების რეფორმირების კუთხით. ჩვენ ამ რეფორმებს ვგეგმავთ, გვინდა, რომ მაქსიმალურად კიდევ მეტი ლიბერალიზაცია გავაკეთოთ, საგადასახადო სისტემა გავაუმჯობესოთ და საგადასახადო შემოწმებების რეგლამენტირება მოვახდინოთ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ დროში რეგლამენტირებული იყოს და შემოსავლების სამსახურის ინსპექტორმა იცოდეს, თუ რა რეგლამენტით მოქმედებს იგი”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, კომპანიების მხრიდან იყო დასახელებული კონკრეტული საკითხები და მან ეს კონკრეტული პრობლემები მოინიშნა.
“მე მოვინიშნე ყველა ეს პრობლემა და რა თქმა უნდა, კონკრეტულად დავალებების სახით და პირდაპირ დიალოგის რეჟიმში მივხედავთ ამ საკითხებს”, – განაცხადა კვირიკაშვილმა და დასძინა, რომ პრობლემები ძირითადად საგადასახადო ადმინისტრირებას ეხებოდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0