საქართველოს მთავრობა, რეგიონებში ევროკავშირის სხვადასხვა პროგრამის ხილვადობის გაზრდის მიმართულებით სტრატეგიულ კომუნიკაციას აძლიერებს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, დაიგეგმება მნიშვნელოვანი კამპანია ყველა მიმართულებით, რათა მოსახლეობა ინფორმირებული იყოს იმ დახმარების პროგრამების შესახებ, რომელსაც საქართველო იღებს ევროკავშირისგან ინსტიტუციური და საკანონმდებლო რეფორმების, ასევე, სოფლის მეურნეობის მიმართულებით და სხვადასხვა სახის twinning-ის პროგრამების მეშვეობით.
„საქართველოს მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ ინფორმაცია, რა სიკეთეები მოაქვს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესს, როგორ ხდება ქვეყნის ტრანსფორმაცია იმ მიმართულებით, რომ საქართველოში ცხოვრება იყოს უკეთესი, რათა ნებისმიერი ადამიანისთვის გაფართოვდეს შესაძლებლობათა სპექტრი, რომ მიიღოს უკეთესი განათლება, კომპანიებმა განახორციელონ ექსპორტი ევროპის ბაზრებზე და ა.შ“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისია ასოცირების შეთანხმების განხორციელების წლის სამოქმედო გეგმას დაამტკიცებს.
გიორგი კვირიკაშვილი – საქართველოს მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ ინფორმაცია, რა სიკეთე მოაქვს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესს
27/01/2016