შს მინისტრმა ნარკოტიკებთან ბრძოლის რეგიონული კონფერენცია გახსნა

27/01/2016

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ბათუმში ნარკოტიკებთან ბრძოლის საკითხებზე ახლო აღმოსავლეთის რეგიონული კონფერენცია გახსნა. შეხვედრა აშშ-ს საელჩოს სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს ოფისის (INL) და აშშ-ს ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ადმინისტრაციის (DEA) ორგანიზებით ტარდება.

გიორგი მღებრიშვილმა სიტყვით გამოსვლისას აშშ-ს მთავრობას კონფერენციის ორგანიზებისა და თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლა ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტად დაისახა. მინდა მადლობა გადავუხადო DEA-ს და INL-ს გამოცდილების გაზიარებისა და დახმარებისთვის, რაც მათ ჩვენი სამინისტროს ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის დანაყოფს გაუწიეს. როგორც მოგეხსენებათ, 2013-2014 წლებში ჩვენ 116 კილოგრამი ჰეროინის ფხვნილი და 2 ტონა და 446 ლიტრი თხევადი ჰეროინი ამოვიღეთ. 2015 წელს კი ამოღებული იქნა 40 კილოგრამამდე კოკაინი, რაც უპრეცედენტო ფაქტია. დარწმუნებული ვარ, აღნიშნული შეხვედრა იქნება ნაყოფიერი, პროდუქტიული და ინფორმაციული, რაც ხელს შეუწყობს ჩვენს უწყებებს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას“,- განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

კონფერენციაზე მისასალმებელი სიტყვა ასევე წარმოთქვეს საქართველოში აშშ-ს მისიის ხელმძღვანელის მოადგილე ნიკოლას ბერლინერმა და DEA-ს რეგიონული ოფისის დირექტორმა კაილი ვილიამსონმა.

რეგიონულ შეხვედრას ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის 30-მდე ქვეყნიდან 150-ზე მეტი უფროსი გამომძიებელი და ანალიტიკოსი ესწრება.

კონფერენციის მიზანია ნარკოტიკულ საშუალებებთან დაკავშირებული, დასრულებული და მიმდინარე საქმეების შესახებ ინფორმაციის, ასევე, ნარკოტიკული საშუალებების ამოღების თაობაზე საგამოძიებო მონაცემების ურთიერთგაზიარება.

აშშ-ს მთავრობის ერთ-ერთი საგარეო პრიორიტეტი საქართველოში სამართალდაცვითი სფეროს მხარდაჭერაა, კერძოდ, საგამოძიებო შესაძლებლობების გაძლიერება, რეგიონალურ და გლობალურ სამართალდაცვით საკითხებში თანამშრომლობის გაღრმავება. აშშ-ს საელჩოს სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს ოფისი (INL), აშშ-ს ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ადმინისტრაციასთან (DEA) და სხვა პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, 2009 წლიდან ნარკოტიკული საშუალებების წინააღმდეგ მომუშავე ქართველი გამომძიებლებისა და ანალიტიკოსებისთვის მნიშვნელოვან ტრენინგ-პროგრამებს ახორციელებს.

აშშ-სა და საქართველოს შორის სამართალდაცვით და ნარკოტიკულ საშუალებებთან ბრძოლის სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მიზნით, 2016 წლის ზაფხულში თბილისში, აშშ-ს საელჩოში, ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ადმინისტრაციის (DEA) კავკასიის ახალი ოფისი გაიხსნება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0