პრობაციის რეგიონული ბიუროების დახმარებით, იმერეთში, კახეთსა და გურიაში კიდევ სამი პირობით მსჯავრდებული დასაქმდა.
პირობით მსჯავრდებული ა. კ. აღრიცხვაზე ხარაგაულის პრობაციის ოფისში იმყოფება. რისკებისა და საჭიროებების შეფასების პროცესში გაირკვა, რომ პრობაციონერის ოჯახი სოციალურად დაუცველთა ბაზაში იყო რეგისტრირებული და მატერიალურად უჭირდა. იმერეთის პრობაციის ბიუროს რეკომენდაციით, ა. კ. სამშენებლო მასალების მწარმოებელ კომპანია ,,ნიუს ფეისში“ მუშად დასაქმდა და, პირველ ეტაპზე, მისი ხელფასი 450 ლარი იქნება.
კახეთის პრობაციის ბიუროს შუამდგომლობით, პირობით მსჯავრდებული მ. ბ. კერძო სამშენებლო ობიექტზე დასაქმდა და ყოველთვიურად 400 ლარს გამოიმუშავებს.
გურიის პრობაციის ბიუროს დახმარებით, გაზეთ „ლანჩხუთის მოამბეს“ დისტრიბუციის ქსელში დაიწყო მუშაობა პირობით მსჯავრდებულმა ლ. მ-მ. იგი ხელფასს გამომუშავების მიხედვით მიიღებს.
პრობაციის ეროვნული სააგენტოს ძალისხმევით, 2015 წელს 124 პრობაციონერი დასაქმდა.