დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენს ვალუტაზე წნეხი უნდა შემცირდეს და გაუფასურებამ ოდნავ უკან დაიხიოს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ვიცე პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განუცხადა. ასეთი მოლოდინი, ქუმსიშვილის განმარტებით, იმპორტის შემცირებიდან გამომდინარე არსებობს. ეკონომიკის მინისტრი მონაცემებით, იმპორტი წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 25%-ით არის შემცირებული.
“სავაჭრო ბალანსის ნაწილში, რომელიც ძალიან მნიშვნელოვნად მოქმედებს ეროვნული ვალუტის კურსზე, ჩვენ ვუყურებთ იმპორტის შემცირებას. შესაბამისად, ვიმედოვნებთ და დარწმუნებულები ვართ, რომ წნეხი ჩვენს ვალუტაზე უნდა შემცირდეს და დღეს რა გაუფასურებაც გვაქვს, ეს გაუფასურება ოდნავ უკან დაბრუნდეს. პროგნოზირება ძალიან ძნელია. ეს დამოკიდებულია ბაზრის მოთამაშეებზე, ყველა თქვენგანზე, კომპანიებზე, ფიზიკურ პირებზე”, – განაცხადა ქუმსიშვილმა.
მისივე თქმით, ეკონომიკის და ფინანსთა სამინისტროებისა და ეროვნული ბანკის შეკრება ყოველდღიურად ხდება.
“ჩვენ ყოველდღიურად ვიხილავთ მიმდინარე მაკროეკონომიკურ მდგომარეობას, სავაჭრო ბალანსს და შესაბამისად, ამის მერე მიიღება გადაწყვეტილება”, – დასძინა ქუმსიშვილმა.
დიმიტრი ქუმსიშვილი ლარის მცირედით გამყარებას ვარაუდობს
26/01/2016